მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"შემოწმებულია საყოველთაო ჯანდაცვაში ჩართული ყველა კლინიკა" - შედეგები

6481bd875e0ec
ინგა მურუსიძე
08.06.23 15:47
506
შრომის ინსპექციის ხელმძღვანელის ბექა ფერაძის ინფორმაციით, შექმნილია ელექტრონული სისტემა, რომლის მეშვეობითაც კონტროლდება, რეალურად ერიცხებათ თუ არა ექთნებს და ექიმებს ის მინიმალური ხელფასი, რომელიც ჯანდაცვის სამინისტრომ განსაზღვრა.

„ჩვენ ფაქტობრივად საყოველთაო ჯანდაცვაში ჩართული ყველა კლინიკა შევამოწმეთ. 2021 წლიდან დავიწყეთ ეს პროცესი. 2022 წელს კი აბსოლუტურად ყველა კლინიკა შევამოწმეთ, 2023 წლის განმავლობაშიც დაახლოებით 350 კლინიკა არის შემოწმებული. აქ პრევენცია რა არის? იმიტომ რომ გარკვეული დარღვევები არსებობდა და დანერგილი იყო ანაზღაურების სხვადასხვა მექანიზმი, დასაქმებულთა შრომის კუთხით, ექიმებისა და ექთნების კუთხით, შემუშავებულია მინიმალური ტარიფი, თუ როგორ უნდა ანაზღაურდეს ექიმის და ექთნის შრომა. ეს არ არის ზედა ზღვარი, ეს არის ქვედა ჭერი“, - განაცხადა ფერაძემ.

მისივე თქმით, ქვეყანაში ბევრი კერძო კლინიკა და კერძო ურთიერთობებია, თუმცა მინიმალური ხელფასის გარანტიას სახელმწიფო იძლევა.

„შევამოწმეთ აბსოლუტურად ყველა სამედიცინო დაწესებულება, და დავრწმუნდით, რომ შრომითი ხელშეკრულებები არის შეცვლილი, გაწერილია მინიმალური ანაზღაურების ტარიფი და შესაბამისად, ეს მოგვცემს იმის პრევენციის მექანიზმს, რომ შემდგომში უფლებები აღარ იყოს დარღვეული. დამატებით ჩვენ შევქმენით ელექტრონული პროგრამა, სადაც თითოეული ექთანი და ექიმი არის დარეგისტრირებული და ყოველთვიურად შევხედავთ, კუთვნილი ანაზღაურება ერიცხება თუ არა. ეს მოგვცემს საშუალებას, სექტორში დარეგულირდეს საკითხი“, - განაცხადა ფერაძემ.

შეგახსენებთ: 2023 წლიდან ექიმების და ექთნების მინიმალური ანაზღაურება დადგენილებით განისაზღვრა. ექთნების მინიმალური ხელფასი 752 ლარი უნდა იყოს, ხოლო ექიმების - 1260 ლარი.