მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"შესაძლებლობა გვეძლევა, მოვიზიდოთ ის ტურისტები, რომლებიც სხვაგან მოგზაურობას ვეღარ შეძლებენ"

60781172f3808
ვიქტორია მღებრიშვილი
15.04.21 23:00
921
სასტუმროების ქსელ Inn Group-ის აღმასრულებელი დირექტორის ერეკლე კოკაიას თქმით, მათ სასტუმროებში მაისისთვის უცხოეთიდან შემოსული მცირე რაოდენობის ჯავშნები, მათ იმედს აძლევს და ნებისმიერი ახალი შეზღუდვა ტურიზმისთვის მომაკვდინებელი იქნება.

BM.GE-სთან საზაფხულო ტურისტული სეზონის მოლოდინებზე საუბრისას, კომპანიის ხელმძღვანელმა განმარტა, რომ დღეს ტურისტების რიცხვის გასაკონტროლებლად ხელოვნური ბარიერების აგება საჭირო არაა.

„მაისში ჩვენს სასტუმროებში, როგორც თბილისში ასევე მთის კურორტებზე, ჯავშნები გვაქვს, თუმცა ჯერ დადასტურებული არაა. ძალიან გაურკვეველი გზავნელებია ჩვენი სფეროსთვის და არ ვიცით რას უნდა ველოდოთ. თუმცა თუ აღარ იქნება შეზღუდვები დიდი ალბათობით ზაფხულში ტურიზმი რაღაც დონეზე მაინც აღდგება“, - აღნიშნა კოკაიამ.

მისი თქმით, ზამთრის კურორტებზე სასტუმროების ამოქმედების შემდეგ 50%-იანი დატვირთვიდან უცხოელ ტურისტთა წილი 5%-საც ვერ აღწევდა, თუმცა მაისისთვის გააქტიურება შეინიშნება.

„თბილისში Iveria Inn-მა, რომელიც მხოლოდ უცხოელ ტურისტებზე მუშაობს და მთის კურორტზე Gudauri Inn-მა ამ დროისთვის უცხოელ ტურისტებს ძირითადად უკრაინიდან, დუბაიდან და მცირე რაოდენობით ისრაელიდან უმასპინძლეს. ეს უკანასკნელი სულ უფრო აქტიურდება. ზაფხულის ტურისტულ სეზონზეც ძალიან შემცირებული რაოდენობით, თუმცა თუ არ იქნება ახალი ჩაკეტვები, იმედი გვაქვს ტურისტები ჩვენი ქვეყნის მიმართულებით მოგზაურობას დაიწყებენ.

განსაკუთრებით ახლა, როდესაც სხვა ტურისტული ქვეყნები (მაგალითად თურქეთი) იკეტება, ჩვენ შესაძლებლობა გვეძლევა, რომ მოვიზიდოთ ის ტურისტები, რომლებიც სხვაგან მოგზაურობას ვეღარ შეძლებენ. უბრალოდ, მთავარია, რომ სახმელეთო საზღვრები გაიხსნას და დაემატოს ახალი რეისები“, - ამბობს Inn Group-ის აღმასრულებელი დირექტორი.

მისივე შეფასებით, ის შიშები, რომ შეზღუდვების მოხსნით ქვეყანაში ძალიან ბევრი ტურისტი ჩამოვა, უსაფუძვლოა.

„არიან ქვეყნები, რომლებმაც მთლიანად მოხსნეს შეზღუდვები, მაგრამ ტურისტები დიდი რაოდენობით მაინც არ ჰყავთ (მაგალითად სომხეთი). ანუ ტურისტებისთვის ხელოვნური ბარიერების აგება, რომ მათი რიცხვი კონტროლირებადი იყოს, საჭირო არაა. უზარმაზარი მოთხოვნა ისედაც არ იქნება და ახლა ისეთი მდგომარეობა არ გვაქვს, რომ რომელიმე ტურისტს ქვეყანაში შემოშვებაზე უარი ვუთხრათ. ტურიზმის აღდგენას დრო სჭირდება და ამიტომ ნებისმიერი ახალი შეზღუდვა ტურიზმისთვის მომაკვდინებელი დარტყმა იქნება“, - უთხრა BM.GE-ის ერეკლე კოკაიამ.