მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"შიდა ფრენებთან ერთად სატვირთო და სასწავლო მიმართულება უნდა განვავითაროთ" - „სერვის ეარის“ გეგმები

63ee2cbe0c4a8
ვიქტორია მღებრიშვილი
16.02.23 18:30
798
ქვეყანაში შიდა ფრენების განმახორციელებელი კომპანია „სერვის ეარი“ ბიზნესის განვითარების სტრატეგიაზე მუშაობს. კომპანიის ახლად დანიშნულმა აღმასრულებელმა დირექტორმა „საქმის კურსში“ განაცხადა, რომ კომპანიაში განვითარების დიდი და ამბიციური გეგმები აქვთ.

„ამ ეტაპზე ერთიანი სტრატეგიის შემუშავება მიმდინარეობს. რამდენიმე კვირაში ეს პროცესი დასრულდება და ის სურათი გამოჩნდება, რომელიც საინვესტიციო ღირებულებას დააზუსტებს.

ძალიან დიდი და ამბიციური გეგმები გვაქვს, რომელიც ასაფრენი ბილიკის გაფართოებას ითვალისწინებს. შიდა ფრენებთან ერთად უნდა განვავითაროთ სატვირთო - Cargo მიმართულება, ასევე გვინდა ბიზნეს ავიაციის განვითარება და მომხმარებლისთვის უფრო მეტი ატრაქციის შეთავაზება, ისეთი, როგორიც არის სასწავლო ფრენები, ნატახტრის აეროდრომის ბაზაზე სასწავლო ასოციაციის ჩამოყალიბება. კოვიდის დროს რამდენიმე მიმართულება გაჩერებული იყო და გვინდა რომ აღვადგინოთ“, - განაცხადა იგორ აფციაურმა და დასძინა, რომ კომპანია შიდა ფრენების მიმართულებით ახალი ტენდერის გამოცხადებას ელოდება, რადგან მოქმედ შეთანხმებას ვადა აპრილში გასდის.

კომპანიის აღმასრულებელი დირექტორის ინფორმაციით, ზაფხულიდან "სერვის ეარი" რეგიონის ქვეყნებში საერთაშორისო ფრენების დაწყებას გეგმავს, რისთვისაც ერთ 60-70-ადგილიან თვითმფრინავს დაამატებს.