19.ოქტომბერი .2019 14:43

"სილქნეტი" ბოლოდროინდელ ბრალდებას ეხმიანება სატელეკომუნიკაციო ბაზარზე ოლიგოპოლიასთან დაკავშირებით

views 638
უკან

"სილქნეტი" მედიასივრცეში გავრცელებულ ბრალდებებს პასუხობს, რომელიც სატელეკომუნიკაციო ბაზარზე ოლიგოპოლიასთან დაკავშირებით გავრცელდა. კომპანიის განცხადებას BM.GE უცვლელად გთავაზობთ.

“საქართველოს ეროვნული მარეგულირებელი კომისიის 2018 წლიურ ანგარიშს, რომელიც გამოქვეყნებულია ამა წლის გაზაფხულზე, მედიასივრცეში ახლახანს გამოხმაურება მოჰყვა, რომლის მიხედვითაც საქართველოში მოქმედი მსხვილი სატელეკომუნიკაციო ოპერატორების მიმართ გაისმა ბრალდება ოლიგოპოლიასა და ბაზრის თამაშის წესების დარღვევაში.

ცნობილია, რომ მსოფლიოში არსებული ტრენდის თანახმად, მობილური ოპერატორების შემოსავლები ბოლო წლების განმავლობაში მკვეთრად მცირდება ტრადიციული სერვისებიდან, ხმოვან და მოკლე ტექსტურ შეტყობინებებზე შემოსავლების კლების ხარჯზე. ამ კუთხით იგივე სურათია საქართველოშიც.

თუმცა, ევროპის ქვეყნებისგან განსხვავებით, სადაც ბაზარი უკვე გაჯერებულია და ინტერნეტის პენეტრაცია მაღალია, ჩვენს ქვეყანაში ეს ტრენდი მზარდია და სწორედ ამით აიხსნება გაზრდილი შემოსავლები, რომლის წილიც სწორედ ინტერნეტიდან მიღებულ შემოსავლებზე მოდის.

იმისთვის, რომ სილქნეტი იყოს მსოფლიო კლასის სერვისების მიმწოდებელი მაღალტექნოლოგიური კომპანია, მას მუდმივად სჭირდება ამ სფეროში მსოფლიოში მიმდინარე მოვლენების პულსზე ეჭიროს ხელი. როგორც აღვნიშნეთ, ინტერნეტ მოხმარების ბაზარი ჯერ კიდევ მზარდია, ისევე როგორც ჩვენი მომხმარებლის მოთხოვნა ხარისხიან და თანამდროვე სერვისებზე.

აქედან გამომდინარე, მობილურ ოპერატორებს სჭირდებათ ქსელში დიდი ინვესტიციები, რომელიც უმთავრესად დამოკიდებულია იმპორტირებულ ტექნოლოგიებზე. ქსელის შენარჩუნებასა და გაფართოებისთვის, კომპანიას მუდმივად უწევს მრავალმილიონიანი ინვესტიციების გაწევა. სწორად ეს განაპირობებს იმ ფაქტს, რომ მოგება შემოსავლების პირდაპირ პროპორციულად არ იზრდება. პირიქით, შეიძლება შემცირდეს კიდეც.

რადგან გვინდა, რომ ჩვენი მომხმარებლისთვის დავრჩეთ კონკურენტული და დავაკმაყოფილოთ მათი მოთხოვნა ინტერნეტზე, სილქნეტი, ხშირად სთავაზობს თავის აბონენტებს სხვადასხვა ფასდაკლებებსა და აქციებს, რომელიც ხელმისაწვდომია ნებისმიერი მომხმარებლისთვის.

რაც შეეხება ინტერნეტის ფასს (Price per GB), მას აქვს კლებადი ტრენდი და სხვა ქვეყნებთან შედარებით (მეზობელ და ევროპულ) ბევრად დაბალია.

აქვე აღსანიშნავია, რომ მობილური სექტორი და კერძოდ კომპანია სილქნეტი, ქვეყნის ერთ-ერთი უმსხვილესი გადამხდელია და ყოველწლიურად საკუთარი წვლილი შეაქვს ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაში. კომპანია აგრეთვე ახორციელებს სოლიდურ ინვესტიციებს ქვეყნის კულტურულ-საგანმანათლებლო თუ სოციალური პასუხისმგებლობის მქონე პროექტების მხარდასაჭერად", - წერია "სილქნეტის" განცხადებაში.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა