მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"სილქნეტის” შემოსავალი 2019 წელს 12%-ით გაიზარდა და 387 მლნ. ლარი შეადგინა

5f017844c271e
შოთა ტყეშელაშვილი
06.07.20 09:00
1782
საქართველოს კომუნიკაციების ბაზრის ერთ-ერთმა უმსხვილესმა მოთამაშემ, "სილქნეტმა" 2019 წლის კონსოლიდირებული აუდიტორული ანგარიში გამოაქვეყნა. დოკუმენტის თანახმად, გასული წლის განმავლობაში ჯგუფის ჯამური შემოსავალი 387.2 მილიონი ლარს შეადგენდა, რაც 2018 წელთან შედარებით 12.44%-ით მეტი იყო.

კომპანიის მმართველობითი ანგარიშის თანახმად, ზრდა ძირითადად შემდეგ ფაქტორებს უკავშირდება:

● “სილქნეტმა” ჯეოსელი 2018 წლის პირველ კვარტალში შეიძინა, შესაბამისად შეძენამდე პერიოდის მაჩვენებლები 2018 წლის ანგარიშში სრულად არ შედის;

● ფიქსირებული ინტერნეტის, Pay TV-ისა და მობილური ინტერნეტის შემოსავლების ზრდით.

ცალკეული მიმართულებების მიხედვით, კომპანიის მთლიანი შემოსავალი ასე ნაწილდება:
  • სულ - 387,155,000 ლარი, ზრდა წინა წელთან 12.44% ;
  • მობილური გამავალი ზარი - 105,831,000 ლარი, ზრდა წინა წელთან 26.50% ;
  • ფიქსირებული ინტერნეტი - 94,329,000 ლარი, ზრდა წინა წელთან 13.32% ;
  • მობილური ინტერნეტი - 57,919,000 ლარი, ზრდა წინა წელთან 42.70% ;
  • Pay TV - 43,013,000 ლარი, ზრდა წინა წელთან 19.40% ;
  • ფიქსირებული ტელეფონი - 19,559,000 ლარი, კლება წინა წელთან -12.61% ;
  • შემოსავალი SMS-დან - 12,698,000 ლარი, ზრდა წინა წელთან 33.56% ;
  • შემოსავალი სხვა მომსახურებიდან - 7,363,000 ლარი, ზრდა წინა წელთან 2.55% ;
  • ტელეფონების და სატელეფონო აქსესუარების გაყიდვიდან მიღებული შემოსავალი - 2,285,000 ლარი, კლება წინა წელთან -12.01% ;
  • უკაბელო სატელეფონო ("CDMA") მომსახურება - 1,091,000 ლარი, კლება წინა წელთან -57.01% ;
  • ინფრასტრუქტურის იჯარის მომსახურება - 2,067,000 ლარი, ზრდა წინა წელთან 16.58% ;
  • ურთიერთჩართვის მომსახურება - 24,334,000 ლარი, კლება წინა წელთან -37.16% ;
  • ინფრასტრუქტურის იჯარის მომსახურება - 7,820,000 ლარი, კლება წინა წელთან -0.71% ;
  • შემოსავალი როუმინგიდან - 6,786,000 ლარი, ზრდა წინა წელთან 6.48% ;
  • საბითუმო ინტერნეტი - 2,060,000 ლარი, ზრდა წინა წელთან 11.71.

რაც შეეხება ხარჯებს, “სილქნეტის” მთავარი საოპერაციო ხარჯი ცვეთის და ამორტიზაციის ხარჯი იყო, რამაც გასულ წელს 111 მილიონი ლარი შეადგინა. მეორე წამყვანი ხარჯი სახელფასო ხარჯი იყო, რაც ჯგუფში დასაქმებული 2,2 ათასი ადამიანის ხელფასის სახით გაიცა და 58.1 მილიონ ლარს შეადგენდა. რაც შეეხება ფინანსურ ხარჯებს, კომპანიის ფინანსური ხარჯი 104 მილიონი ლარი იყო, ასევე კურსთაშორისი სხვაობიდან გამომდინარე კომპანიამ 34 მილიონი ლარის ზარალი მიიღო. კომპანიის მოგება-ზარალის უწყისის მიხედვით, გასული წლის განმავლობაში “სილქნეტის” მთლიანი ზარალი 46 მილიონი ლარი იყო.

ბოლო ორი წლის განმავლობაში “სილქნეტის” უმსხვილესი ინვესტიცია სწორედ ჯეოსელის შეძენა იყო. აღნიშნული გარიგების ღირებულება $151 მილიონ დოლარს შეადგენდა.

“მიუხედავად მაღალი კონკურენცისაა სატელეკომუნიკაციო ბაზარზე, ჯგუფის კომერციული შემოსავალი გაიზარდა წინა წელთან შედარებით 20%-ით. ზრდა განპირობებულია, როგორც ორგანული ზრდით, ასევე ჯეოსელის შესყიდვით. 2018 წლის 1 იანვარს რომ მომხდარიყო შესყიდვა, კომერციული შემოსავლების ზრდა იქნებოდა 4%.

ოპერატორებისგან მიღებული შემოსავლის შემცირება გამოწვეულია 2017 წელს საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის (GNCC) მიერ ახალი ადგილობრივი ურთიერთჩართვის ტარიფების დადგენით, რომელიც ძალაში შევიდა ნაწილობრივ 2018 წლის ივლისიდან და სრულად 2019 წლის იანვრიდან. აღნიშნული ტარიფები გააგნარიშებულია „მომავალზე ორიენტირებული გრძელვადიანი დანახარჯების“ (LRIC) მოდელის საფუძველზე და არსებითად დაბალია 2017 წელს და ადრეულ წლებში მოქმედ ტარიფებზე. მარეგილრებლის მიერ ურთიერთჩართვის ტარიფების შემცირების და ლარის კურსის გაუფასურების მიუხედავად, ჯგუფის EBITDA გაიზარდა 28%-ით, რაც გამოწვეულია ჯეოსელის შესყიდვის შედეგად,”-ნათქვამია “სილქნეტის” ანგარიშში.

2019 წლის 2 აპრილს, კომპანიამ „Euronext Dublin Exchange“-ზე 200 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის არაუზრუნველყოფილი ობლიგაციების გამოშვება წარმატებით დაასრულა. Eurobonds გამოშვებიდან მიღებულმა წმინდა შემოსავალმა 529,489 ათასი ლარი შეადგინა. Eurobonds დაფარვის ვადა არის 5 წელიწადი.

ანგარიშგების თანახმად, კონკრეტული ბაზრების მიხედვით, “სილქნეტის” მომხმარებელთა რაოდენობა და საბაზრო წილები ასეთია:

● 2019 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით ჯგუფის მობილურ ქსელს ჰყავდა 1.734 მილიონი აბონენტი და ფლობდა ბაზრის 35%-იან წილს. მობილური სერვისებიდან მიღებული შემოსავლი შეადგენდა ჯგუფის მთლიანი შემოსავლის 42%-ს.
● 2019 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით “სილქნეტს” ჰყავდა 288 ათასი ფიქსირებული ინტერნეტ აბონენტი, რაც მთლიანი ბაზრის 31%-იან წილს შეადგენდა. ჯგუფის მთლიან შემოსავლებში ფიქსირებული ინტერნეტის წილმა 2019 წელს შეადგინა 24%;
● 2019 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, “სილქნეტს” ჰყავდა 222 ათასი Pay TV-ს აბონენტი, რაც წლის ბოლოსთვის წარმოადგენდა ბაზრის 33%-იან წილს. აღნიშნული სერვისიდან მიღებული შემოსავალი შეადგენდა ჯგუფის ჯამური შემოსავლის 11%-ს;
● 2019 წლის ბოლოსთვის “სილქნეტს” ჰყავდა 264 ათასი ფიქსირებული სატელეფონო აბონენტი, რაც შეადგენდა ბაზრის 53 %-იან წილს. სატელეფონო მომსახურებიდან მიღებული შემოსავლის უდიდესი ნაწილი გენერირებულია ფიქსირებული სადენიანი სატელეფონო მომსახურებიდან (PSTN). ჯგუფის მთლიან შემოსავლებში ფიქსირებული სატელეფონო მომსახურების შემოსავლის წილი შეადგენდა 5%-ს.

კომპანიის ჯამური აქტივების მოცულობა 2019 წლის ბოლოსთვის 837,386,000 ლარს შეადგენდა.