მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"სილქნეტის" მშობელი კომპანიის 38.2%-იანი წილი იყიდება

5f229c4aa92bf
შოთა ტყეშელაშვილი
30.07.20 14:07
2982
"სილქნეტის" 38.2%-იანი წილი იყიდება - ამის შესახებ საქართველოს კომუნიკაციების კომისიის დღის წესრიგიდან ირკვევა. უფრო კონკრეტულად კი ცვლილება ეხება სს “სილქნეტის” მშობელი კომპანიის 38.2%-იანი წილის გასხვისებას.

დღეს დაგეგმილ სხდომაზე “სილქნეტი” კომუნიკაციების ეროვნული კომისიისგან გარიგების შესახებ თანხმობის გაცემაზე მსჯელობის დაწყებას ითხოვს.

კომპანია „Topaz Investments (Malta) Limited“-ის (C92958 მალტა) მიერ სს “სილქნეტის“ ბენეფიციარი მესაკუთრე კომპანია “Prometheus Holdings (malta) Limited“-ის (C41770 მალტა) წილის 38.2353%-ის შეძენაზე თანხმობის მიცემის საკითხის განხილვის შესახებ,”- ნათქვამია გარიგების აღწერით ნაწილში.

ახლად მიღებული კანონმდებლობის პირობებში ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც უმსხვილესი მობილური ოპერატორი მის მესაკუთრეთა რიგებში არსებულ ცვლილებებს კომისიას უთანხმებს. 

სს “სილქნეტის” მფლობელობის ჯაჭვი ძირითადად მალტაზე რეგისტრირებული ურთიერთდაკავშირებული კომპანიებისგან შედგება, კომპანიის საბოლოო ბენეფიციარი მესაკუთრე კი “სილქ როუდ ჯგუფის” დამფუძნებელი და “სილქნეტის” სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე, ბიზნესმენი გიორგი რამიშვილია.

ამ დროისთვის უცნობია წარმოადგენს თუ არა „Topaz Investments (Malta) Limited“-ი ჯგუფთან დაკავშირებულ კომპანიას.

2019 წლის აუდიტორული ანგარიშის მიხედვით, სილქნეტის მფლობელ იურიდიულ პირებში გადაჯგუფებები გასულ წელსაც მოხდა, თუმცა, კომპანიის საბოლოო ბენეფიციარი უვლელი დარჩა.

“2019 წლის 19 აპრილს, „Rhinestream Holdings Limited“-მა (კომპანიის აქციონერი და მალტაზე რეგისტრირებული კომპანია, რომლის საბოლოო მაკონტროლებელ მხარეს წარმოადგენს ფიზიკური პირი გიორგი რამიშვილი) მიიღო გადაწყვეტილება კომპანიის 100%-იანი მფლობელობის წილის გადაცემის თაობაზე მის მიერ სრულად ფლობილ შვილობილ კომპანიაზე შპს „Silknet Holding“-ზე (შემდგომში, “Silknet Holding” “მფლობელი“) რომელიც რეგისტრირებულია საქართველოში. ჯგუფის საბოლოო მაკონტროლებელ მხარეს წარმოადგენს ფიზიკური პირი, გიორგი რამიშვილი,”- ნათქვამია KPMG-ის მიერ მომზადებულ აუდიტორულ დასკვნაში.

2019 წელს "სილქნეტის" ჯამური შემოსავალი 12.4%-ით გაიზარდა და მან 387.2 მილიონ ლარს მიაღწია.

სს “სილქნეტის” მობილურ ქსელს 2020 წლის მაისის მდგომარეობით, 1.64 მილიონი აბონენტი ჰყავს, ხოლო მის ინტერნეტ ქსელს კი 290 ათასი აბონენტი ჰყავს.