მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"სიმეტრია" 2021 წლისთვის დაგეგმილი ახალი პროექტების განხორციელებაზე უარს ამბობს

606748a8779ed
სალომე მეცხვარიშვილი
02.04.21 23:00
1302
უძრავი ქონების განვითარების კომპანია "სიმეტრია" 2021 წლისთვის დაგეგმილი ახალი პროექტების განხორციელებაზე უარს ამბობს. კომპანიის აღმასრულებელი დირექტორის ტარიელ გაბუნიას თქმით, საუბარია, დაახლოებით $10 მილიონის მოცულობის ინვესტირებაზე, რომლის განხორციელებაც გადავადდა.

“ზოგადად, ჩვენი კომპანია ძირითადად უცხოურ ინვესტიციებზეა დამოკიდებული და ინვესტიციების შემოტანა ქვეყანაში კიდევ უფრო გართულებულია. წელს გვინდოდა 10 მილიონის მოცულობის საინვესტიციო პორტფელის განხორციელება, რაზეც თავს შევიკავებთ”, - აცხადებს ტარიელ გაბუნია.

მისივე თქმით, მათ გეგმებში იყო სასტუმროსა და ბინათმშენებლობის პროექტის დაწყება, თუმცა, გეგმები დაპაუზებულია.

“სახელმწიფომ გაორმაგებული ძალისხმევა უნდა დახარჯოს, რომ შექმნას კარგი საინვესტიციო კლიმატი, ეს ეხება ბიუროკრატიის კიდევ უფრო შემსუბუქებას, სასამართლო ვადებთან დაკავშირებით პრობლემებს და ა.შ.”,- აცხადებს ტარიელ გაბუნია.

მისი თქმით, მინიმუმ ორი წელი დასჭირდება, რომ სამშენებლო სფერო 2019 წლის მაჩვენებლებს დაუბრუნდეს.