მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"სინერჯი კაპიტალი" რეაბილიტაციის რეჟიმში გადავიდა

61f80456d5e84
შოთა ტყეშელაშვილი
31.01.22 20:00
1597

“სინერჯი კაპიტალის” გენერალური დირექტორის პაპუნა ტოლიაშვილის განცხადებით, კომპანია საინვესტიციო ფონდის სახით საქმიანობას აღარ გააგრძელებს. დღეს კი მაცნეზე გამოქვეყნდა განჩინება, რომლის მიხედვითაც, კომპანია რეაბილიტაციის პროცესში გადავიდა. წინა კვირაში რეაბილიტაციის პროცესში გადავიდა "სინერჯის" ერთ-ერთი მსხვილი შვილობილი "სახალხო აფთიაქიც".

bm.ge-სთან ინტერვიუში ტოლიაშვილმა განმარტა, რომ საინვესტიციო ფონდების შესახებ კანონის მიერ განსაზღვრული წესების გათვალისწინებით, “სინერჯის” ბიზნესმოდელის შეცვლა დააყენა დღის წესრიგში.

"2020 წლის 22 ივლისს ძალაში შევიდა „საინვესტიციო ფონდების შესახებ“ საქართველოს კანონი, რომლის მიხედვითაც, სს „სინერჯი კაპიტალს“ შეეზღუდა არაგათვითცნობიერებულ ინვესტორებზე მუშაობა და საჯარო შეთავაზებების გაკეთება, შესაბამისად, მნიშვნელოვნად შემცირდა ინვესტორთა წრე. ასევე, შეეზღუდა აქციების ემისია, რამაც კიდევ უფრო გაართულა თანხების მობილიზაცია. საწარმომ დაიწყო საინვესტიციო ფონდად რეგისტრაციის პროცესი, თუმცა გაუთვითცნობიერებელ ინვესტორებზე მუშაობისთვის საჭიროა ავტორიზაციის მოპოვება, რაც ურთულესი პროცედურაა და საჭიროებს მოცულობით ფინანსურ და ადამიანურ რესურსს, ასევე ქვეყანაში შექმნილი პანდემიური მდგომარეობის გამო, პორტფელურ კომპანიებს შეექმნათ სირთულეები, ნაწილმა საერთოდ შეაჩერა საქმიანობა. 2021 წლის აგვისტოში კი საგადასახადო გირავნობით დაიტვირთა სს „სინერჯი კაპიტალის“ ყველა აქტივი. 2021 წლის 31 დეკემბრის მონაცემებით, მოვალის კაპიტალის ჯამური ვალდებულება შეადგენს 14 984 647 ლარს, ხოლო აქტივების საბალანსო ღირებულებაა 12 590 725 ლარი, შესაბამისად, „რეაბილიტაციისა და კრედიტორთა დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-3 პუნქტით სს „სინერჯი კაპიტალი“ წარმოადგენს გადახდისუუნარო კომპანიას", - ნათქვამია განჩინებაში.


"სინერჯი კაპიტალი" საინვესტიციო ფონდად განვითარებას აღარ აპირებს და საქმიანობის მოდელის მნიშვნელოვნად შეცვლას გეგმავს.

ერთი მხრივ, სწრაფად მზარდი, მცირე და საშუალო ზომის კომპანიებისთვის კაპიტალის მიწოდება მნიშვნელოვან ამოცანად რჩება ჩვენი კომპანიისთვის, მაგრამ საცალო ინვესტორების მეშვეობით ამის გაკეთება, რასაც დაარსებიდან ცდილობდა კომპანია ძალიან რთული გახდა ბევრი ობიექტური და სუბიექტური მიზეზების გამო.

საქმიანობის მოდელიდან გამომდინარე, მათ შორის საინვესტიციო ფონდების შესახებ ახალი კანონის პირობებში, ძალიან გაჭირდა ნაყიდი კომპანიების წილების რეალიზაცია გასულ წელს, რამაც კომპანიას ნაღდ ფულთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი სირთულეები შეუქმნა.

იმისათვის, რომ "სინერჯი კაპიტალის" პორტფელში არსებული კომპანიების წილების სწრაფი რეალიზაცია არ გახდეს საჭირო და ამის გამო კრედიტორებმა და აქციონერებმა მნიშვნელოვანი დანაკარგი არ განიცადონ კომპანია "რეაბილიტაციის და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ კანონით" განსაზღულ რეჟიმში შედის.

ეს კანონი ძალიან კარგ შესაძლებლობას იძლევა ასეთი სირთულის სისტემური ცვლილებების ბევრად უფრო უმტკივნეულოდ განსახორციელებლად.

რეაბილიტაციის პროცესში, რომელიც ჩვენის აზრით 2-3 წელი გაგრძელდება, კომპანია აქტიურად იმუშავებს მისი აქტივების ღირებულების შემდგომ ზრდასა და მათ სამართლიან ფასად გეგმაზომიერ რეალიზაციაზე. რაც აუცილებელი პირობაა კომპანიის წინაშე არსებული ვალდებულებების სრულად გასტუმრებისთვის,"- BMG-სთან განმარტა "სინერჯის" დირექტორმა პაპუნა ტოლიაშვილმა. 

სინერჯი კაპიტალი შემდეგ კომპანიებს აერთიანებს:

„ჩიკორის“ ბრენდით ჩირის და ჯანსაღი ხემსის მწარმოებელი კომპანია „ქარელის ხილი“;

„8000 მოსავალი“ - ღვინის მაღაზია ბარების ქსელი;

სასარგებლო პური „მზეთამზეს“ მწარმოებელი კომპანია „გემოვანი“;

„ჯი.ვინო“ - ორგანული ღვინის ბარი და მაღაზია;

„უმალი“ - წარმოების სიმძლავრეებით ყველაზე დიდი თევზის გადამამუშავებელი ქარხანა ამიერკავკასიაში;

„ანტრეკოტი“ - ნედლი ხორცის და მისგან წარმოებული ხორცპროდუქტების მაღაზია;

„სახალხო აფთიაქი“ - საუბნო აფთიაქების ქსელი ქვეყნის მასშტაბით;

ეკოლოგიურად სუფთა ხის სათამაშოების ქართული კომპანია “კუბიკი”;

ტანსაცმლის ქართული ბრენდი „ზომა“;

„კარიერული წარმატების ჯგუფი“ - კარიერული განვითარება და HR აუთსორსინგი;

„ბიზნესფიდი“ - ანალიტიკური ონლაინ ჟურნალი საქმიანი ადამიანებისთვის;

„ჩაიმანია“ - უმაღლესი ხარისხის ჩაისა და ყავის მაღაზიათა ქსელი;

„კიდკო“ - პედიატრიული ცენტრი.