მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"სითი მოლის" დირექტორი: "ვითხოვეთ რომ გადაწყვეტილება რაც შეიძლება მალე გახდეს ცნობილი"

5fe0e18cad71d
თამთა ჯიჯავაძე
21.12.20 21:52
2918
სავაჭრო ცენტრები მთავრობის გადაწყვეტილებას ელოდებიან. ჯერ კიდევ უცნობია გაიხსნება თუ არა „მოლები“ 24 დეკემბრიდან, როგორც ეს ერთი თვის წინ იყო დაგეგმილი. გადაცემა „საქმის კურსში“ სტუმრობისას „სითი მოლის“ დირექტორმა ლევან მესხელმა განაცხადა, რომ მათი ინიციატივა იყო სავაჭრო ცენტრები 24-მდეც გახსნილიყო, ვინაიდან ასე უფრო უსაფრთხოდ მოხდებოდა ნაკადების მართვა.

მან ასევე ეკონომიკის მინისტრობის კანდიდატთან შეხვედრის შედეგებზე ისაუბრა:

„ეკონომიკის მინისტრთან შეხვედრისას განვიხილეთ და წარვადგინეთ ჩვენი ხედვა და გეგმა, თუ რატომ არის მოლი უსაფრთხო, მოვიყვანეთ ჩვენი არგუმენტები და წარვუდგინეთ ჩვენი კვლევა, რომ შიდა გადაცემა არ გვაქვს, ის რომ მოლი ერთ-ერთი ყველაზე დაცული სივრცე იყო ამ პერიოდის განმავლობაში, როგორ ვახდენდით ნაკადების მართვას და ა.შ. შეხვედრის მეორე ნაწილი ეხებოდა 24-დან გახსნის შემთხვევაში, როგორ ვაპირებდით ნაკადების მართვას, წარვუდგინეთ გეგმა, ყველა ბერკეტი ჩამოვთვალეთ და დავასახელეთ, რისი გაკეთებაც შეგვიძლია და ამასთან ერთად ვითხოვეთ, რომ იმისთვის რომ პრობლემები არ გვქონდეს შემდგომ და მომხმარებლის ინფორმირება მოვახდინოთ დროულად, ვითხოვეთ რომ გადაწყვეტილება რაც შეიძლება მალე გახდეს ცნობილი, რომ ჩვენც მოვემზადოთ“.

რაც შეეხება კითხვაზე, თუ რა პასუხი მიიღეს მათ თურნავასგან, ლევან მესხელმა აღნიშნა, რომ დიალოგი იყო საკმაოდ კონსტრუქციული, -„დეტალებში ჩავიდა ეკონომიკის მინისტრი, დეტალურად გავიარეთ ყველა მექანიზმი, რისკებსაც შევეხეთ და მე საკმაოდ ოპტიმისტურად ვარ განწყობილი მოსალოდნელ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით“.

„სითი მოლის“ დირექტორმა ასევე აღნიშნა, რომ პირველი ლოქდაუნის დროს შემუშავებულმა უსაფრთხოების ზომებმა გაამართლა.

„შედეგებიც გვაქვს. მოლი არ გამხდარა ინფიცირების გავრცელების წყარო. 5000 თანამშრომელი გვყავს, რომელთა მონიტორინგსაც ყოველდღე ვახორციელებდით, არცერთი შიდა გადაცემის ფაქტი არ გვაქვს. ასეთი მონაცემები აქვს სხვა მოლებსაც. ეს რეგულაციები იყო პირბადის მაქსიმალური კონტროლი, დეზინფექცია, თერმოსკრინინგი თანამედროვე აპარატურით, კონდინცირებაც განსხვავებულ რეჟიმში ვამუშავეთ და ა.შ“, - განაცხადა ლევან მესხელმა.