მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"სითი მოლის" მფლობელმა IG Development-მა ქართულ საფონდო ბირჟაზე $15 მილიონის ობლიგაციები განათავსა

624acec43889d
გიორგი თოლორდავა
04.04.22 17:33
1714
„სითი მოლის“ მფლობელმა კომპანიამ IG Development-მა საქართველოს საფონდო ბირჟაზე 15 მილიონი დოლარის მოცულობის ობლიგაცია განათავსა, რომლის კუპონის განაკვეთი 6.75%-ს შეადგენს. ობლიგაცია დაშვებულ იქნა ბირჟის B კატეგორიის ლისტინგში, ასევე, მას მიენიჭა უნიკალური საბირჟო კოდი, ანუ ტიკარი - $IGD01O.

ობლიგაცია ფასიანი ქაღალდია, რომელიც გამომშვების, ანუ ემიტენტის სასესხო ვალდებულებას წარმოადგენს. ობლიგაციას ყიდულობს/ფლობს ინვესტორი, რომელიც პერიოდულად იღებს კუპონის განაკვეთით განსაზღვრულ სარგებელს, ობლიგაციის ვადის ამოწურვის ბოლოს კი - ძირ თანხას. კომპანიის მიერ ობლიგაციების გამოშვების ძირითადი მიზანი ფინანსური რესურსის მოზიდვაა. აღსანიშნავია, რომ გამოშვებიდან დღემდე IG Development-ის ობლიგაციის შეძენით საფონდო ბირჟაზე არცერთი ინვესტორი არ დაინტერესებულა. 

კომპანიის ძირითადი საქმიანობას ქონების მართვა და კომერციული ფართების იჯარით გაცემა წარმოადგენს, ის დედაქალაქის მასშტაბით ორ მსხვილ სავაჭრო ცენტს - „სითი მოლ საბურთალოსა“ და „სითი მოლ გლდანს“ აკონტროლებს, ასევე კომპანიის საკუთრებაშია ბიზნეს-ცენტრი „სითი თაუერი“. აღნიშნულ სავაჭრო ცენტრებში 300-ზე მეტი მაღაზია, სუპერმარკეტი და სწრაფი კვების რესტორანია განთავსებული.

გარდა ამისა, „აი ჯი დეველოფმენტი“ თბილისში, უნივერსიტეტის ქუჩაზე მდებარე, საბჭოთა ჯარების ყოფილი შტაბის, ე.წ. „ზაკვოს“ შენობის დემონტაჟს და მრავალფუნქციური კომპლექსის აშენებას გეგმავს. აღნიშნული პროექტის ჯამური ინვესტიცია დაახლოებით 130 მილიონ დოლარს შეადგენს და ის მოიცავს: საცხოვრებელ შენობებს, საბავშვო ბაღს, სპორტულ დარბაზებს, სპა-ცენტრს, საცურაო აუზს, სუპერმარკეტებსა და საოფისე სივრცეებს.

ფინანსური ანგარიშგების თანახმად, კომპანია საერთო ჯამში 317 მილიონი ლარის აქტივებს ფლობს.

რაც შეეხება საქართველოს საფონდო ბირჟას (GSE), ის ერთადერთი ორგანიზებული ფასიანი ქაღალდების ბაზარია საქართველოში, სადაც 25 კომპანიის ფასიანი ქაღალდია განთავსებული, რომელთა საერთო საბაზრო კაპიტალიზაცია 750 მილიონ დოლარს შეადგენს.

აღსანიშნავია, რომ გასულ თვეს საფონდო ბირჟაზე სულ 3 გარიგება შედგა, რომელთა საერთო ღირებულებამ 1,309 ლარი შეადგინა, შესაბამისად, მარტში დღიური საშუალო ბრუნვა 57 ლარი იყო.