მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"სიტუაცია რთულია, ვაქცინაცია ჩვენთვის ხსნაა" - covid-აცრა სავალდებულო იქნება?

61e1855805abf
მარიამ ვარადაშვილი
14.01.22 18:14
796
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიას განცხადებით, სავალდებულო ვაქცინაციის საკითხს სახელმწიფო არ განიხილავს. ასე უპასუხა სამინისტროში გამართულ პრესკონფერენციაზე მინისტრის მოადგილემ ჟურნალისტის კითხვას, რომელიც გარკვეული ჯგუფებისთვის სავალდებულო ვაქცინაციას შეეხებოდა.

თამარ გაბუნია ამბობს, რომ ყურადღება კვლავ აცრების პროცესში ჩასართავ წამახალისებელ ღონისძიებებზე გამახვილდება.

“სიტუაცია საკმაოდ რთულია. ამ პირობებში კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ვაქცინაცია ჩვენთვის ხსნა არის, თუმცა ამ პროგრამას კვლავაც წამახალისებელი მექანიზმების გამოყენებით გავაგრძელებთ. ეს იქნება წახალისება 50 წელს გადაცილებული პირებისთვის. ასევე ვაქცინაციის გეგმა, რომელიც ახლა მუშავდება და მომდევნო კვირაში იქნება წარდგენილი ვაქცინაციის საბჭოზე. covid-აცრებთან დაკავშირებით მოსახლეობაში გარკვეული ვალდებულების დაწესება არც სპეციალისტებს დაუყენებიათ და არც ჯანდაცვის სამინისტროს პოზიციაა ამგვარი.

ვფიქრობთ, ის რესურსები, რაც ჩვენს ხელთ დღესაა მათ შორის ფინანსური წახალისების სახით, რამაც საკმაოდ თვალსაჩინო შედეგი მოგვცა, იქნება ის ბერკეტი, რომელსაც გამოვიყენებთ”, - ამბობს გაბუნია.

მთავრობამ 2021 წელს ვაქცინაციის გეგმა ვერ შეასრულა, რაც ზრდასრული მოსახლეობის 60%-ის აცრას გულისხმობდა. 14 იანვრის მდგომარეობით, ქვეყანაში სრულად აცრილია 1 186 833 ადამიანი, რაც მოზრდილი მოსახლეობის 41.3%-ს შეადგენს.