მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"სკეპტიციზმია ვაქცინის მიმართ, ამიტომ ამაზე განცხადებისას ფრთხილები უნდა ვიყოთ" - ინფექციონისტი

620aa5f678dc4
ინგა მურუსიძე
14.02.22 22:44
673
რაც შეიძლება ფრთხილები უნდა ვიყოთ მსგავსი ტიპის განცხადებების გაკეთებისას, - ასე ეხმაურება ინფექციონისტი, მაია ბუწაშვილი პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას, რომელმაც მთავრობის დღევანდელ სხდომაზე თქვა, რომ ვაქცინაცია „ომიკრონისგან“ არ იცავს და ამის მაგალითია თავად, რომელიც „ფაიზერით“ აიცრა, თუმცა მაინც დაინფიცირდა.

„შესაძლებელია, რომ აცრილები მართლაც ინფიცირდებიან და ეს ფაქტია, მაგრამ ისიც ფაქტია, რომ ბევრად უფრო მარტივად გადააქვთ ვირუსი აცრილებს. შესაბამისად, ვაქცინის ის მიზანი, რომ გადაარჩინოს რაც შეიძლება მეტი სიცოცხლე, მკაფიოდ და აშკარად შესრულებულია, ამიტომ ჩვენ რაც შეიძლება ფრთხილები უნდა ვიყოთ მსგავსი ტიპის განცხადებების გაკეთებისას. დიდი სკეპტიციზმია ვაქცინის მიმართ, საკმაოდ დიდი რაოდენობა გვყავს აუცრელი, გარდაცვალების შემთხვევებიც მრავლად არის ისევ სამწუხაროდ“, - განაცხადა მაია ბუწაშვილმა.

მისი თქმით, ვაქცინაცია აუცილებელია, ისევე როგორც რეგულაციების დაცვა, მათ შორის თავშეკავება ხალხმრავალი შეკრებებისგან, პირბადის ტარება და სოციალური დისტანცია.

ბუწაშვილი გამოეხმაურა ასევე პრემიერის განცხადებას, რომელმაც თქვა, რომ მარტის ბოლოს, აპრილის დასაწყისში, ინფიცირების მაჩვენებლები დაიკლებს.

„რეალურად, ახლა ვართ პიკზე და შემთხვევების კლებას ველოდებით, უბრალოდ მთავარი ის არის, რომ ეს ტალღა გადავიაროთ რაც შეიძლება ნაკლები დანაკარგით. ზუსტად აქ გვაქვს პრობლემა, რომ სეგმენტი, რომელიც აუცრელია, ისევ ხვდება საავადმყოფოებში“, - განაცხადა მაია ბუწაშვილმა.

ამასთან, ინფექციონისტი რეგულაციების მოხსნაზე საუბარს ნაადრევად მიიჩნევს.