მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"სკეპტიკურად ვარ განწყობილი" - ნინო ევგენიძე 7.7%-იანი ეკონომიკური ზრდის პროგნოზზე

60fb052433354
თამთა ჯიჯავაძე
23.07.21 23:10
937
7.7%-იანი ეკონომიკური ზრდის მიღწევა იმ შემთხვევაში იქნება შესაძლებელი, თუ საქართველოს მთავრობა მოახერხებს პრობლემების და გამოწვევების ვრცელი ჩამონათვალის გადაჭრას, - ამის შესახებ Economic Policy Research Center-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, ნინო ევგენიძემ „ანალიტიკაში“ IMF-ის განახლებული პროგნოზის შესახებ საუბრისას აღნიშნა და დასძინა, რომ ის სკეპტიკურად არის განწყობილი საქართველოს მთავრობის უნარებისადმი, რომ შეძლონ აღნიშნული პრობლემების მოგვარება.

მისივე თქმით, მთავრობას პანდემია უკეთ უნდა ემართა 2020-ში და სრული ლოქდაუნი არ გამოეცხადებინა მაშინ, როდესაც დაინფიცირებული იყო მხოლოდ რამდენიმე ადამიანი. ნინო ევგენიძის თქმით, ამან ეკონომიკას ისეთი ზიანი მიაყენა, რომ ახლა მარტივად და სწრაფად აღდგენა შეუძლებელია.

„2019 წლის ბოლოს საქართველოს ეკონომიკური მდგომარეობა და მაჩვენებლები უკვე საკმაოდ სიგნალის მომცემი იყო, იქნებოდა ეს ინვესტიციები თუ ეკონომიკური ზრდა, ყველა ინდიკატორი საკმაოდ გაუარესებული იყო. ვფიქრობ, პანდემიამ კიდევ ერთხელ გამოაჩინა, თუ რა სისუსტეები ჰქონდა ჩვენი ქვეყნის ეკონომიკას. თუ გადახედავთ საერთაშორისო პროგნოზებს, რას შეიძლება ველოდოთ, იქნება ეს საინვესტიციო თუ სხვადასხვა მიმართულებით სხვადასხვა ქვეყანაში, განვითარებულ ქვეყნებში მაჩვენებელი ინვესტიციებთან დაკავშირებით 40%-მდე შემცირდება, ჩვენი ტიპის ქვეყნებისთვის კი კლება დაახლოებით 60% იქნება. რა ეკონომიკური გარემოთი ხვდება ამ ყველაფერს ქვეყანა? იმის ნაცვლად რომ საქართველო იყოს მოწინავე მსოფლიო ეკონომიკურ მოძრაობაში, ვხედავთ პოლიტიკურ არასტაბილურობას, არის არაფორმალური მმართველობა, კლეპტოკრატია, კორუფცია, და ასევე პირველ რიგში, დარტყმები საქართველოს დემოკრატიულ ინსტიტუტებზე და თავისუფალი მედიის წინააღმდეგ.

ამიტომ როდესაც სავალუტო ფონდის მისიის ხელმძღვანელი 7.7%-იან ზრდაზე საუბრობს, იქ ძალიან დიდი „თუ“ არის. თუ ამ ყველაფერს წარმატებით განახორციელებს საქართველოს მთავრობა, მაშინ შესაძლებელია 7.7%-ის მიღწევა. მაგრამ დაბალი ვაქცინაციის ტემპი, ის მოვლენები, რაც ქვეყანაში ხდება, და ის, რომ ულტრა რადიკალური აგრესიული ჯგუფების მოკავშირეებად გვევლინებიან ხელისუფლების წარმომადგენლები, არამგონია რომ რაიმენაირ პოზიტიურ ზეგავლენას ახდენდეს ქვეყნის ეკონომიკურ გავლენაზე. თუ არ იქნება ინვესტიციები ამ ქვეყანაში, თუ ინვესტორებს არ ექნებათ დაცულობის შეგრძნება და არ იქნა დამოუკიდებელი სასამართლო სისტემა, ქვეყანაში მდგომარეობა არ გაუმჯობესდება, ვერ შემოვა ინვესტიციები. ვიქნებით ისევ ისე, როგორც 2019 წლის ბოლოს გახლდით, ყველაზე მნიშვნელოვანი ინვესტორებით, რომლებიც ოფშორულ ზონებში ოპერირებენ. ამ კომპანიების დაახლოებით 75% დაკავშირებულია ერთ ოლიგარქთან, ბიძინა ივანიშვილთან. ეს არის სიგნალი, ეს არის ოფიციალური ინფორმაცია. პროცესს წინ ვერანაირად ვერ წავწევთ, თუ არ იქნა სიტუაციის გაჯანსაღება და იმ რეფორმების გზაზე დაბრუნება, რომლის გარეშეც არამგონია რომ 7.7%-იან ეკონომიკურ ზრდას მივუახლოვდეთ“, - განაცხადა ნინო ევგენიძემ.

ცნობისთვის, IMF წელს საქართველოში 7.7%-იან ეკონომიკურ ზრდას პროგნოზირებს. ეს ფონდის წინა პროგნოზთან, ანუ 3.5%-თან შედარებით ორჯერ მეტია. პროგნოზის გადახედვა მოსალოდნელზე მაღალმა ეკონომიკურმა ზრდამ განაპირობა, რადგანაც აპრილში საქართველოში 44.8%-იანი, მაისში კი 25.8%-იანი ეკონომიკური ზრდა იყო.