მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"სოც.ქსელში პროდუქტის ფასის არმითითება მომხმარებლის უფლების დარღვევაა" - „ჰამო კონცეპტი“

640da67fe6a57
თინათინ ნატმელაძე
11.03.23 18:10
975
"ვფიქრობ, რომ მომხმარებელთან სწორი კომუნიკაცია და პროდუქტზე სრული ინფორმაციის მიწოდება პირველია, რაც კომპანიამ უნდა გააკეთოს“, - ამის შესახებ ტანსაცმლის ქართული ბრენდი „ჰამო კონცეპტის“ დამფუძნებელმა მარიამ თავბერიძემ BM.GE-ს განუცხადა.

საქმე იმაშია, რომ „კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ“ შეიმუშავა რეგულაცია, რომლის მიხედვითაც ყველა მოვაჭრე ვალდებულია, პროდუქტის ფასი, როგორც სავაჭრო ობიექტებში, ისე სოციალურ ქსელებშიც მკაფიოდ და გასაგებად მიუთითოს.

„ჰამო კონცეპტის“ დამფუძნებელი გვიყვება, რომ ის კომპანიები, რომლებიც სოციალურ ქსელში პროდუქტის ფასს არ უთითებენ, პოსტზე ბევრი კომენტარის დაგროვებით კომპანიის Facebook თუ Instagram გვერდის აქტივობის გაზრდას ცდილობენ.

„ჩვენ მომხმარებელთან კომუნიკაციას ყოველთვის მომხმარებლის თვალით ვუყურებთ და ვფიქრობთ, მე რომ მომხმარებელი ვიყო, როგორი მომსახურება და ურთიერთობა მომეწონებოდა.

როდესაც გაქვს ონლაინ მაღაზია, თუნდაც ეს მხოლოდ სოციალურ ქსელებში არსებულ გვერდებს მოიცავდეს, ვალდებული ხარ, რომ მომხმარებელს პროდუქტის შესახებ სრული ინფორმაცია მიაწოდო, მათ შორის ფასზეც, რადგან ხშირ შემთხვევაში მყიდველი პროდუქტს სწორედ ფასის მიხედვით არჩევს.

პირადად მე, როდესაც კონკრეტული კომპანიის პოსტების კომენტარებში მხოლოდ ფასის შესახებ კითხვები მხვდება, ამ კომპანიასთან კომუნიკაციის სურვილი მიქრება, ეს ძალიან დიდი დისკომფორტი და დროის დაკარგვაა მომხმარებლისთვის და თავის მხრივ, მისი უფლებების დარღვევადაც შეიძლება ჩაითვალოს.“ - განაცხადა მარიამ თავბერიძემ.

მისივე ცნობით, მომხმარებლების უფლების კიდევ ერთ დარღვევად ის ფაქტი შეიძლება ჩაითვალოს, როცა მას დროის რაღაც მონაკვეთში პროდუქტის უკან დაბრუნების ან გადაცვლის საშუალება არ ეძლევა.

„ევროპის ყველა ქვეყანაში დროის გარკვეულ მონაკვეთში, ძირითადად ორი კვირის განმავლობაში, შესაძლებელია, რომ ნაყიდი პროდუქტი დააბრუნო ან გადაცვალო, საქართველოში კი ეს ასე არ არის - იყიდი პროდუქტს, მერე კი შესაძლოა, რომ ვერ მოირგო ან რაღაც დეფექტი აღმოაჩნდეს და უკან დაბრუნება ან გადაცვლა აღარ შეგიძლია.“ - განმარტავს „ჰამო კონცეპტის“ დამფუძნებელი.