მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"სოკოს ფასი საგრძნობლად გაიზარდა" – Georgian Mushroom Company მიზეზებზე

63578ff51fd3e
თინათინ ნატმელაძე
29.10.22 20:20
756
სოკოს შეგროვებისა და რეალიზების პროცესში საკმაოდ ბევრი გამოწვევა არსებობს, პირველ რიგში ბუნებრივი პირობები, გვალვა და ტენიანობის ნაკლებობა, რომელთა გამოც წელს პროდუქცია თითქმის არ იყო, ამ ყველაფერმა კი სოკოს ფასის საგრძნობი ზრდა გამოიწვია, - ამის შესახებ Georgian Mushroom Company-ს დამფუძნებელმა, მიხეილ სამხარაძემ BM.GE-სთან განაცხადა.

კომპანია 2022 წელს საწარმოს ამოქმედებას და სხვადასხვა სახეობის სოკოს საკუთარ ტერიტორიაზე მოყვანას გეგმავდა, მაგრამ ინტენსიური გვალვის გამო, პროდუქციის შეგროვება ვერ მოხერხდა. საწარმოს ამოქმედებაც მომავალი წლისთვის გადაიდო.

"ჩვენ ვართ დამოკიდებული ამინდზე, წელს კი საკმაოდ დიდი გვალვა იყო, ამის გამო ფიზიკურად ვერ მივიღეთ პროდუქცია, ამ სეზონზე ფაქტობრივად ვერაფერი ვაწარმოეთ და საწარმოს გახსნაც შემდეგი წლისთვის გადაიდო.

გასულ წელს, როდესაც გვქონდა დიდი რაოდენობის პროდუქცია, მის წარმოებას სახლის პირობებში ვერ ავუდიოდით, რადგან სოკოს სჭირდება დამუშავება, გასუფთავება, დაჭრა, გაშრობა, დაფასოება და ეს საკმაოდ დიდი პროცესია, რომელსაც სივრცე სჭირდება, ამიტომ გადავწყვიტეთ საწარმოს აშენება, ასევე, საწარმოს ტერიტორიაზე ვგეგმავდით სხვადასხვა სახეობის სოკოს მოყვანას, რომ მუდმივად ბუნებრივ პირობებზე არ ვიყოთ დამოკიდებული, მაგრამ, რადგან ერთი ნაწილი ვერ მოეწყო და თანხა არ შემოვიდა, სათბურის შექმნაც ვერ მოხერხდა", - განაცხადა მიხეილ სამხარაძემ.

სამხარაძის ცნობით, არახელსაყრელმა ბუნებრივმა პირობებმა და პროდუქციის ნაკლებობამ სოკო  საგრძნობლად გააძვირა, - "მაგალითად ნიყვი შარშან 20-25 ლარი ღირდა, წელს კი იმის გამო, რომ ძალიან ცოტა რაოდენობით შემოდიოდა, ფასი 60-65 ლარამდე გაიზარდა, სხვა სოკოების ფასიც ფაქტობრივად გაორმაგდა".

რეალიზებისას არსებულ დაბრკოლებებზე საუბრისას მიხეილ სამხარაძემ აღნიშნა, რომ სოკოს საოჯახო კულინარიაში მოხმარების კულტურა საქართველოში არ არსებობს, ამიტომ მათი ძირითადი მომხმარებლები სხვადასხვა რესტორნის შეფმზარეულები არიან, Georgian Mushroom Company-ის მიზანი კი კერძო პირების უფრო მეტად დაინტერესებაა.

ცნობისთვის: Georgian Mushroom Company ბაზარზე 2021 წლიდან ოპერირებს, კომპანია ტყის სოკოებით რესტორნების მომარაგებასთან ერთად, გარკვეულ სახეობებს ახმობს, მარინადებსაც აწარმოებს და მომხმარებელს საკუთარი რეცეპტით მომზადებულ პროდუქტს სთავაზობს.