15.აგვისტო .2019 19:39

"სპარკის" ინოვაციური პროექტი აბუდაბის სტარტაპების სამიტზე

views 413
უკან

21 ოქტომბერს აბუდაბის სტარტაპების სამიტზე ქართული ინოვაციური პროექტებიც მიიღებენ მონაწილეობას. ეს პროექტებია მულტიფუნქციური თვითმწმენდი ვიტრაჟული ფანჯარა და თვითმწმენდი მზის პანელები. უფრო დეტალურად აღნიშნული ინოვაციების შესახებ, მისს არსსა და მნიშვნელობაზე BMG თავად ამ პროექტების ავტორს ლუკა პაჭკორიას ესაუბრა.

– ლუკა, პირველ რიგში რომ აგვიხსნათ, რაში მდგომარეობს თქვენი პროექტების ინოვაციურობა?

– ინოვაციური თვითმწმენდავი ვიტრაჟული ფანჯარა მულტიფუნქციურია. გარდა თვითწმენდისა, მას აქვს ოთახის შიდა სივრცის ვინტილაციის, ოზონირების ფუნქციაც. ფანჯრის ჩარჩოებში სენსორებია ინტეგრირებული, რომელიც ჰაერის დაბინძურების ხარისხს განსაზღვრავს. ჩარჩოებშია აგრეთვე, ყველა სხვა დანარჩენი ფუნქციაც კომპაქტურად არის მოთავსებული. მულტიფუნქციური თვითმწმენდავი ვიტრაჟული ფანჯარა მობილური აპლიკაციით ან პულტით იმართება. ეს ვიტრაჟული ფანჯრები განკუთვნილია მაღალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსებისთვის, სასტუმროებისთვის, კომერციული ფართებისთვის, რადგან ფანჯრების გაწმენდა საკმაოდ დიდ ხარჯთანაა დაკავშირებული, მაღალსართულიანი შენობების შემთხვევაში რისკებსაც უკავშირდება. ინოვაციური ფანჯრების შემთხვევაში ხარჯიც და რისკიც თანაბრად მცირდება. რაც მთავარია, ჩვენი გამოგონება დაპატენტებული გვაქვს.

– როდის გაგიჩნდათ იდეა, შეგექმნათ ინოვაციური მულტიფუნქციური ვიტრაჟული ფანჯრები?

– იდეა 2018 წელს გაჩნდა და ამავე წელს შევუდექით საქმეს. მექანიკური ნაწილი დავაპროექტეთ, შემდგომ თურქეთში ერთ-ერთ კომპანიაში დავამზადეთ ყალიბები და ეს პროფილები სატესტოდ ჩამოვიტანეთ. გავაკეთეთ პროტოტიპი, მთლიანად ავაწყეთ საწარმოო მოდელზე სისტემა, რომელმაც ყველა გამოსაცდელი შოკ ტესტი გაიარა და თამამად შეგვიძლია მომხმარებლებს ჩვენს პროდუქციაზე ორწლიანი გარანტია მივცეთ.

– როგორ მოხდა თქვენი ბიზნესაქსელერატორთან დაკავშირება?

– ბიზნესაქსელერატორი ძალიან დაგვეხმარა ამ საქმეში. პირველად ამ პროექტის შესახებ ინტერნეტიდან შევიტყვეთ. ჩვენ მთელი სტრუქტურა გვქონდა გაკეთებული ინოვაციური ფანჯრების, მაგრამ ბიზნესაქსელერატორის პროექტის ფარგლებში, ჩვენს მიერ მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე, BDO-მ ბიზნესგეგმა დაგვიწერა, გააკეთა შეფასებები და დასკვნა. ეს წარმატებისკენ კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯია. ახლა ჩვენი მთავარი ამოცანა დაფინანსების მოპოვებაა, იმისთვის, რომ საწარმო შეიქმნას და ჩვენი პროდუქტი ყველასათვის ხელმისაწვდომი გახდეს. პროექტის სრულად ასამოქმედებლად 440 ათასი ლარის ინვესტიციაა საჭირო.

– რა იქნება ინოვაციური ფანჯრის საბაზრო ღირებულება უკვე თუ არის ცნობილი?

– დაახლოებით ფასი უკვე ცნობილია, 25 ფანჯარა უკვე დამონტაჟებული გვაქვს ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში, “ჩემპიონების კორპუსი“, ასე ჰქვია, რომელიც ექსპლუატაციაში ჯერ არ არის შესული, შესაბამისად, ფანჯრების ინოვაციური სისტემის მექანიზმიც არ არის ჩართული. ფანჯრის საწყისი ფასი, კვადრატული 200 აშშ დოლარიდან დაიწყება. ჩვენ ასევე გვაქვს ახალი ინოვაციური პროექტი, რომელიც კოლეჯ „სპექტრში“ დავამზადეთ, ეს არის თვითმწმენდი მზის პანელები, რომელიც ასევე საკმაოდ აქტუალურია.

– რაც შეეხება აბუდაბის სამიტს...

– აბუდაბიში იმართება სტარტაპების დიდი სამიტი, სადაც ინვესტორების წინაშე ჩვენი ინოვაციური თვითმწმენდი მულტიფუნქციური ვიტრაჟული ფანჯრებისა და თვითმწმენდი მზის პანელების პროექტებით წარვსდგებით. თვითწმენდა ძალიან აქტუალური და ძალიან პრობლემურია ზოგადად მსოფლიოში. მაგალითად, მზის პანელის ზედაპირი როდესაც დაბინძურებულია, მისი ენერგოეფექტურობა 25-დან 35%-მდე მცირდება. ამიტომ მომხმარებლებს სპეციალისტების დაქირავება უწევთ. ჩვენი თვითმწმენდი სოლარ პანელების პროექტი ამ პრობლემას მოაგვარებს. პირველადი ნახვის მიხედვით, ჩვენმა ინოვაციურმა პროექტებმა ჟიურის მოწონება უკვე დაიმსახურა. ახლა ჩვენი მიზანია ამ ინოვაციური პროექტების პლაცტარმი იყოს საქართველო და არა სხვა ქვეყანა. სამიტი აბუდაბიში 21-დან 23 ოქტომბრამდე გაგრძელდება. რაც ყველაზე მთავარია, ჩვენს ინოვაციურ პროექტებს მსოფლიოში ანალოგი არ აქვთ.

– და ბოლოს, როდის უნდა ელოდოს დაინტერესებული მომხმარებელი მულტიფუნქციური ვიტრაჟული თვითმწმენდი ფანჯრების ბაზარზე გამოჩენას?

– ბაზარზე ჩვენ პრაქტიკულად, ვართ. აუთსორსზე ერთი პროექტი უკვე გავაკეთეთ, თუმცა ცოტა არ იყოს რთულია, ამიტომაც შეჩერდა ეს პროექტი. ამ ეტაპზე გვინდა ჩვენი პატარა საწარმო გავაკეთოთ, რომელიც დააკმაყოფილებს ბაზარს.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა