მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, ე.წ. საპენსიო სესხების პროცენტი თავის კატეგორიაში ბაზარზე ყველაზე დაბალია“- "ლიბერთი"

62013ca04ae1d
BM.GE
07.02.22 19:44
919
“ლიბერთი ბანკი” მზადაა ხანდაზმული მოქალაქეებისთვის გაცემული საპენსიო სესხების შესახებ არსებული სამუშაო ჯგუფის ფორმატში დაინტერესებულ მხარეებს კიდევ ერთხელ მიაწოდოს ინფორმაცია ამ პროდუქტის განაკვეთთან დაკავშირებით.

გადაცემა “საქმის კურსის” ეთერში ბანკის მცირე და საშუალო ბიზნესის მიმართულების დირექტორმა ვაჟა მენაბდემ განაცხადა, რომ “ლიბერთი ბანკის” სამომხმარებლო სესხი, რომელსაც ხანდაზმული პირები იღებენ, თავის კატეგორიაში ყველაზე ხელმისაწვდომია. ამასთან, ვაჟა მენაბდე განმარტავს, რომ ამ კატეგორიის სესხებს არ აქვთ ფარული საკომისიო თუ მომსახურების გადასახადი.

“ჩვენ არაერთხელ გაგვიცია ამაზე პასუხი და ყოველთვის მზად ვართ კომუნიკაციისთვის. ჩვენ უნდა ვილაპარაკოთ საბაზრო ფასზე, არის თუ არა ეს ფასი საბაზრო ფასი და ამოვარდნილი ხომ არ არის ბაზრიდან. ნებისმიერ პროდუქტზე საუბარი მის საბაზრო ფასიდან გამომდინარეა საჭირო, რადგან ასე ჩანს, რა არის ძვირი.

საპენსიო სესხს აღარც უნდა ვახსენებდეთ, ეს არის ჩვეულებრივი სამომხმარებლო სესხები, რომლებიც სებ-ის ყველა რეგულაციას ექვემდებარება, მათ შორის შემოსავლების დასაბუთების, PTI-ის რეგულაციას.

ჩვენ ბევრჯერ დავასაბუთეთ, რომ ამ მოცულობის კრედიტებში და აქ მოცულობა ძალიან მნიშვნელოვანია, რადგანაც ვაშლი ვაშლს შევადაროთ და არა ვაშლი მსხალს, კორპორატიულ მილიონ დოლარიან სესხს თუ შევადარებთ, ფასში რა თქმა უნდა სხვაობა იქნება. მაგრამ თუ ვადარებთ 1000 და 2000 ლარამდე სამომხმარებლო სესხების განაკვეთს, ლიბერთის სესხები ამ შემთხვევაში უმეტესწილად საბაზრო განაკვეთებზე დაბალია.

კიდევ ერთ დეტალს დავამატებ, ჩვენი საპროცენტო განაკვეთი არის სრულიად გამჭვირვალე, რადგან აქ არ არის რაიმე ფარული საკომისიოები, დამატებითი გადასახადები. როდესაც კონტრაქტში ვხედავთ დაბალ განაკვეთს 18%; 20%, თუ 24% კარგად უნდა წავიკითხოთ რა არის ეფექტური განაკვეთი, ხომ არ არის გაცემის საკომისიო ან სხვა საკომისიოები.

რატომ გვაქვს ჩვენ ეს კონტრაქტი? რადგანაც ბოლო 20 წლის თუ მეტი დროის მანძილზე არცერთ სხვა ბანკს ინტერესიც კი არ გამოუხატავს ამ მომსახურების წაღების და შესაბამისად, ერთადერთი მსურველი ჩვენ ვიყავით, რომ ეს განგვეხორციელებინა.

როდესაც სამომხმარებლო სესხებს ვადარებთ ერთმანეთს, თუ ბაზარზე უფრო მაღალი განაკვეთებია და 1000-ლარიანი სახელფასო სესხი რომ აიღოს ადამიანმა, თუ ეს უფრო ძვირი უჯდება, ვიდრე ის თუ რაც უჯდებათ ლიბერთიში კონკრეტული სესხი რა გვაძლევს იმის თქმის საშუალებას, რომ თუკი ეს კონტრაქტი დაიშლება ან შეიცვლება, სხვა ბანკში უფრო დაბალი სესხი იქნება.

ფასწარმოქმნისას გასათვალისწინებელია დისტრიბუციის ხარჯი, რაც უფრო პატარაა სესხი, რაც უფრო წვრილ თანხებად გაიცემა, რა თქმა უნდა ეს მოქმედებს ფასზე.

ჩვენი ფასი არის საბაზრო, დღეს ბაზარზე კიდევ უფრო მაღალი განაკვეთებია ასეთივე სესხებზე ზუსტად. რისკის ფასს რაც შეეხება ამ სესხებისთვის ეს არ არის 2%; არამედ არის დაახლოებით 5% და ეს არის დანაკარგი. მოგეხსენებათ, ჩვენ ფიზიკური პირის გარდაცვალების შემთხვევაში, ოჯახისგან არ ვითხოვთ თანხის ამოღებას,”- ამბობს ვაჟა მენაბდე.

სახელმწიფო სოციალური გასაცემლების კონტრაქტის შესახებ საუბრისას ვაჟა მენაბდე განმარტავს, რომ ბანკი ამჟამად 1.3 მილიონ მოქალაქეს ემსახურება, მათგან 200,000 მოქალაქე ცხოვრობს ისეთ დასახლებებში, სადაც არც ბანკომატი და არც საბანკო ფილიალია და მათ “ლიბერთი ბანკი” სპეციალური მობილური სერვისცენტრებით ემსახურება. ამასთან, ბანკის თანამშრომლებს ათასობით მოქალაქისთვის პენსია ბინაზე მიაქვთ.

“1,300,000 მოქალაქეს ვემსახურებით ჩვენ ყოველთვიურად. ამ კონტრაქტს თავისი ცოდნა და ექსპერტიზა სჭირდება. რამდენიმე კატეგორიად იყოფა ხალხი რომელსაც დამატებით ვემსახურებით, ეს არიან მოქალაქეები, რომლებიც საერთოდ სახლიდან ვერ გამოდიან და მათ ბინაზე მიგვაქვს მათთვის პენსია, ადგილზე ჩავდივართ სოფლებში სადაც ფილიალები და ბანკომატი არაა, სწორედ ამისთვის 100 მობილური სერვისცენტრი გვაქვს და მანქანებით ვარიგებთ პენსიას. დაახლოებით 200,000 ადამიანია, ვინც ადგილზე მიტანის სერვისით სარგებლობს, რიგ შემთხვევაში ფეხით და ცხენით გადის იქ ჩვენი გამსვლელი მოლარეები, შეგიძლიათ ნახოთ ჩვენ ფეისბუქ გვერდზე ვიდეოებიც, როგორი ზრუნვით ხდება ეს ყველაფერი.

ჩვენ ვართ გამჭვირვალე, ნებისმიერ ფორმატში ვართ მზად ვუპასუხოთ კითხვებს,”- ამბობს “ლიბერთი ბანკის” მცირე და საშუალო ბიზნესის დაკრედიტების დირექტორი ვაჟა მენაბდე.