მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"სტუმრები 21:00 საათის შემდეგ ნომრებში ასვლას აპროტესტებენ და შემდეგ ოთახებში იკრიბებიან" - Holiday Inn Telavi

609cf1d245876
ინგა მურუსიძე
13.05.21 13:28
1376
"ქვეყანაში უცხოელი ვიზიტორების შემოსვლა უკვე დაიწყო, თუმცა მცირე რაოდენობით", - ამის შესახებ "ჰოლიდეი ინ თელავის" მენეჯერმა ანა მურადაშვილმა მედიას განუცხადა. მისი შეფასებით, ე.წ. "კომენდანტის საათი" ვიზიტორებს დისკომფორტს უქმნის. 

"ჩვენთან ჩამოდიან ტურისტები ევროპის ქვეყნებიდან და რუსეთიდან.  სრულად ვიცავთ კოვიდ-სტანდარტებს. "კომენდანტის საათი" პრობლემაა, 21:00 საათის შემდეგ სტუმრები აპროტესტებენ ნომრებში დაბრუნებას. შემდეგ მაინც ოთახებში იკრიბებიან და იქ უფრო უჭირთ დისტანციის დაცვა, ვიდრე - რესტორანში, სადაც სტუმრებს შორის დისტანცია დაცულია ", - განაცხადა ანა მურადაშვილმა.

მისი ინფორმაციით, "ჰოლიდეი ინ თელავი" უერთდება ვაქცინაციის კამპანიას და თანამშრომლების უმრავლესობა აუცილებლად აიცრება.

"ჩვენ დავიწყეთ თანამშრომლების რეგისტრაცია და მათი უმრავლესობა უკვე დარეგისტრირებულია. ამის შემდგომი ეტაპი იქნება მათი ვაქცინაცია. აუცილებელია, რაც შეიძლება მეტი უსაფრთხო ობიექტი იყოს ქვეყანაში", - განაცხადა მურადაშვილმა.

კითხვაზე - რამდენად შეუწყობს ხელს ტურიზმის სექტორის ვაქცინაციის პროცესი ქვეყანაში ტურისტების შემოსვლას, ანა მურადაშვილი პასუხობს, რომ ვიზიტორებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ განთავსების ობიექტი იყოს კოვიდ-უსაფრთხო.