მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"სტუმრებს საცხენოსნო ტურებს ვთავაზობთ... მალე კოტეჯებს გავხსნით" - "მახაშვილების რანჩოს" გეგმები

630e05e4ea934
მარიამ იზორია
30.08.22 21:10
1298
ლაგოდეხში მდებარე ტურისტულმა ობიექტმა „მახაშვილების რანჩომ“ პირველ დამსვენებელს უკვე უმასპინძლა. რანჩო აგვისტოში ამოქმედდა და ამ დროისთვის ტურისტებს საცხენოსნო ტურებს სთავაზობს.

როგორც „მახაშვილების რანჩოს“ დამფუძნებელი გივი მახაშვილი BM.GE-სთან ყვება, უახლოეს პერიოდში ადგილზე 6 კოტეჯი და აუზი გაიხსნება, სტუმრებს კი განთავსების საშუალება ექნებათ.

გივი მახაშვილი ასევე ამბობს, რომ რანჩოს ამჟამად ძირითადად ევროპელი დამსვენებელი სტუმრობს.

„დამსვენებელს ერთდღიან, ორდღიან და სამდღიან საცხენოსნო ტურებს ვთავაზობთ. ჩვენი სტუმრების ძირითადი ნაწილი ევროპული ქვეყნებიდანაა. სამენოვანი გიდები გვყავს და ტურისტები ძალიან კომფორტულად გრძნობენ თავს. ამ მცირე პერიოდში უკვე გვქონდა შემთხვევები, როცა სტუმარი ჩვენს რანჩოს მეორეჯერ ეწვია.

უახლოეს დღეებში 6 კოტეჯი გაიხსნება, სადაც 30 სტუმარი განთავსდება. ადგილზე მოეწყობა აუზი. ობიექტი მხოლოდ ზაფხულის სეზონზე არ არის გათვლილი, აქ ზამთარში ცხელი აუზი გვექნება, ტურისტებს კი სრული წლის განმავლობაში ვუმასპინძლებთ“, - აღნიშნავს „მახაშვილების რანჩოს“ დამფუძნებელი.

„მახაშვილების რანჩოს“ პროექტი სამ ეტაპად ხორციელდება. პირველი ეტაპისთვის ნახევარი მილიონი ლარის ინვესტიცია უკვე ჩაიდო. პროექტის ჯამური ღირებულება კი 5 მლნ ლარს შეადგენს. რაც შეეხება დასაქმებულებს, აქ 10 ადამიანი უკვე მუშაობს. კოტეჯებისა და აუზის მოწყობის შემდეგ „მახაშვილების რანჩო“ დამატებით 10 კადრს დაასაქმებს.