მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"სუბსიდირებული იპოთეკური სესხი" პროგრამის ფარგლებში 50-მდე სესხი გაიცა - "აწარმოე საქართველოში"

614885cb73882
თელარა გელანტია
20.09.21 16:56
650
"სუბსიდირებული იპოთეკური სესხი" სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, დღეის მდგომარეობით, უკვე 47 იპოთეკური სესხი გაიცა, ხოლო 17 განხილვის პროცესშია. ინფორმაციას სსიპ "აწარმოე საქართველოში" ავრცელებს.

შეგახსენებთ, რომ 1-ლი სექტემბრიდან ამოქმედდა სააგენტოს "აწარმოე საქართველოში" ახალი პროგრამა - "სუბსიდირებული იპოთეკური სესხი".

პროგრამა მიზნად ისახავს, როგორც უძრავ ქონებაზე მოთხოვნის სტიმულირებას, ასევე, მრავალშვილიანი ოჯახების ან ისეთი ოჯახების მხარდაჭერას, რომლებსაც ჰყავთ ახალშეძენილი შვილები.

პროგრამა ითვალისწინებს სესხებზე დარიცხული საპროცენტო სარგებლის სუბსიდირებას სესხის გაცემიდან 60 თვის მანძილზე.

პროგრამით სარგებლობის შესაძლებლობა აქვს სუბიექტს, რომელსაც:

• ჰყავს 2021 წლის 1 სექტემბრის შემდეგ დაბადებული 1 წლამდე ასაკის შვილი;

• სესხის აღების მომენტში ჰყავს 3 ან მეტი არასრულწლოვანი შვილი;

• სესხის აღების მომენტში ჰყავს 2021 წლის 1 სექტემბრის შემდეგ შვილად აყვანილი არასრულწლოვანი პირი.

პროგრამის ფარგლებში იპოთეკური კრედიტების გაცემა მოხდება მხოლოდ ეროვნულ ვალუტაში, მას გასცემს კომერციული ბანკი, პირველადი და მეორადი ბინის/სახლის შესაძენად ან კერძო სახლის ასაშენებლად.

იპოთეკური სესხი უნდა გაიცეს 2021 წლის 1 სექტემბრის შემდეგ. სესხის მაქსიმალური მოცულობა იქნება 200 000 ლარი. თუმცა, დასაშვებია, რომ ასაშენებელი ბინის/სახლის ღირებულება აღემატებოდეს 200 000 ლარს.

პროგრამა ატარებს ერთჯერად ხასიათს და მასში მონაწილეობა ბენეფიციარს შეუძლია მხოლოდ ერთხელ, მის მიერ აღებული სესხის მოცულობის მიუხედავად.