მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"სურვილი არის, რა თქმა უნდა, რომ არ ვისესხოთ, თუმცა უსაფრთხოების ბალიში გვაქვს"- გვენეტაძე

624725ed6a3cd
შოთა ტყეშელაშვილი
01.04.22 22:17
1267
დღეს საქართველოს მთავრობამ და ეროვნულმა ბანკმა სავალუტო ფონდთან (IMF) მიღწეული შეთანხმება წარადგინეს. ფონდი საქართველოში მორიგ სამწლიან პროგრამას დაიწყებს და მის ფარგლებში საქართველოსთვის $289 მილიონის დაფინანსება გახდება ხელმისაწვდომი.

IMF-ის პროგრამა არის ე.წ. stand by დაფინანსება, რაც იმას ნიშნავს, რომ მომდევნო სამი წლის განმავლობაში საქართველოს მთავრობას ფონდისგან ფინანსების სესხება საკმაოდ მარტივი პროცედურით შეეძლება. კობა გვენეტაძემ განაცხადა, რომ საქართველოს მთავრობას ახალი სესხის აღების საჭიროება ამჟამად არ უდგას, თუმცა მაღალი გაურკვევლობის პირობებში IMF-ის პროგრამის სახით ქვეყანას უსაფრთხოების ეს “ბალიში” აქვს.

“ეს არის გზავნილი ინვესტორებისათვის, როგორც უცხოელი ინვესტორებისთვის და ასევე ქართველი ინვესტორებისთვის, რომ მიუხედავად სიძნელეებისა და შოკებისა და შეგვიძლია ვთქვათ, რომ ახლა ზედიზედ მესამე შოკის ქვეშ არის ქვეყანა, მაკროეკონომიკური პოლიტიკა იქნება სწორი. სხვანაირად რომ არ იყოს ამის განზრახვა, მაშინ არც მოლაპარაკება იქნებოდა ფონდთან და არც ეს შეთანხმება იქნებოდა.

იმ გარემოებებმა, რაც შეიქმნა, შეიტანა ცვლილებები. ეს შეთანხმება რომ შემდგარიყო 24 თებერვლამდე, ან გასულ წელს შესაძლებელია, რომ იქ ოდნავ სხვა აქცენტები ყოფილიყო. თუმცა, ვერ ვიტყოდი, რომ რადიკალურად შეიცვალა სიტუაცია მიდგომებში.

დიდი სურათის მიდგომაა, ის რომ საქართველოში მაკროეკონომიკურად სწორი ნაბიჯები უნდა იყოს გადადგმული და არ მოხდეს ეკონომიკური ინდიკატორების გაუარესება, რამაც მომავალში შეიძლება რაიმე პრობლემები შექმნას.

რაც შეეხება სახელმწიფო საწარმოების რეფორმას, ამასთან დაკავშირებით თქვენ გაშუქებულიც გაქვთ რაც დაიწერა ფისკალური დეპარტამენტის მიერ და შემიძლია გითხრათ რომ ამ მიმართულებით და ამ პრინციპებით იქნება ეს ნაბიჯები გადადგმული.

ძალიან მინდა, რომ ამ პროგრამით საქართველოს ხელისუფლებას სესხება არ დასჭირდეს. მე ზოგადად არ ვარ სესხების წინააღმდეგი, ამას ვამბობდი მაშინაც, როდესაც წინა ჯერზე კოვიდის დროს კრედიტების გაზრდა გახდა საჭირო.

სურვილი, რა თქმა უნდა, არის, რომ არ ვისესხოთ და გავიაროთ ეს პერიოდი. გაურკვევლობა საკმაოდ დიდია, მაგრამ უსაფრთხოების ბალიში გვაქვს,”- განაცხადა კობა გვენეტაძემ.