29.მარტი .2020 17:19

"სწრაფი ტესტებით ესპანეთში კატასტროფული შედეგი მიიღეს; ჩვენც რა თქმა უნდა, ვერ ავიღებდით ამ პასუხისმგებლობას და სხვა ტესტები შემოვა საქართველოში"

views 447
უკან

"ყველაზე მთავარია, რომ PCR ტესტების ანუ ოქროს ტესტების მარაგი გვაქვს" - ამის შესახებ თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს. სწრაფ ტესტებთან დაკავშირებით  კალაძე ამბობს, ბევრ ევროპულ ქვეყანაში პრობლემა შეიქმენა, შესაბამისად მიმდინარეობს მუშაობა და ქვეყანაში სხვა ტესტები შემოვა. 

„რაც შეეხება კონკრეტულ ტესტებს, არა მხოლოდ საქართველოში, ზოგადად ბევრ ევროპულ ქვეყანაში შეიქმნა პრობლემები იმიტომ, რომ ძალიან დიდი იყო ცდომილება. ესპანეთში, მაგალითად, კატასტროფული შედეგი მიიღეს ამ ტესტებით. შესაბამისად, ჩვენც რა თქმა უნდა, ვერ ავიღებდით ამ პასუხისმგებლობას და სხვა ტესტები შემოვა საქართველოში. თუმცა, ყველაზე მთავარი არის ის, რომ PCR ტესტები, ოქროს ტესტებს როგორც ეძახიან, ჩვენ გვაქვს ამის მარაგი და ამ მიმართულებით მუშაობა მიმდინარეობს. ხდება ანალიზების აღება, ტესტირება და ა.შ."  -განაცხადა კალაძემ.

შეგახსენებთ, ესპანეთში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საელჩომ საკუთარ Twitter-ის გვერდზე განაცხადა, რომ კომპანია Shenzhen Bioeasy Biotechnology-ის ამ დრომდე არ აქვს მიღებული ჩინეთის სამედიცინო პროდუქტების ადმინისტრაციის ლიცენზია, რათა აღნიშნული პროდუქცია გაყიდოს.

საელჩოს ეს განცხადება ესპანური მედიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას მოყვა, რომლის მიხედვითაც, მთავრობის მიერ ჩინური კომპანია Shenzhen Bioeasy Biotechnology-ისგან შეძენილი სწრაფი ტესტების სიზუსტე დაპირებული 80%-ის ნაცვლად მხოლოდ 30%-ია.

23 მარტს, საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრომ 215,000 სწრაფი ტესტის შეძენის შესახებ ხელშეკრულება სწორედ Shenzhen Bioeasy Biotechnology-ისთან გააფორმა. ხელშეკრულების ღირებულება $1,182,500 დოლარი იყო. დღეს ეს ხელშეკრულება ანულირებულია.