მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"სხვა გზა არ გვაქვს" - რამდენად მზად ხვდება ბიზნესი "მწვანე პასპორტის" ამოქმედებას?

61a5ebea7e783
მარიამ ვარადაშვილი
01.12.21 10:10
988
დღეიდან საქართველოში “მწვანე პასპორტის” სისტემა ამოქმედდა. Bmg დაინტერესდა, რამდენად მზად არიან განთავსებისა თუ კვების ობიექტები, დადგენილი ახალი წესებით უმასპინძლონ სტუმრებს.

Inn Group-ის ქსელის მმართველი კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა, ერეკლე კოკაია BMG-ს უთხრა, რომ აპლიკაცია, რითიც სტუმრების “მწვანე სტატუსი” უნდა შეამოწმონ, შეფერხებით მუშაობს.

“დღეს აღარ შემიმოწმებია, მაგრამ პრობლემა ის იყო, რომ სრულ ინფორმაციას არ აჩვენებდა. სხვა გზა არ გაქვს, ვეცდებით, რომ ყველა სტუმარი შევამოწმოთ Georgia e health-ის აპლიკაციის მეშვეობით. პროცედურა ასეთი იქნება: სტუმარი მოვა და მას აუცილებლად უნდა ჰქონდეს გარკვეული ტიპის დოკუმენტი, რომელიც დაადასტურებს რომ “მწვანეა”. თუ PCR ტესტის პასუხით შემოდის, მისი პასუხი ამ აპლიკაციაში უნდა იყოს ატვირთული. აქამდე ის პრობლემა იყო, რომ აპლიკაცია სრულ ინფორმაციას არ იძლეოდა ადამიანზე, თუმცა სიმართლე გითხართ დღეს აღარ შემიმოწმებია”,-აცხადებს კოკაია.

იმ შემთხვევაში, თუ რესტორანი სტუმარს PCR ან/და ანტიგენ ტესტის საფუძველზე მიიღებს, როგორც ერეკლე კოკაია გვეუბნება, სასტუმროს ვალდებულია ყოველ სამ დღეში შეამოწმოს ჩაიტარა თუ არა მან ტესტირება დადგენილი წესით.

“სტუმარი სასტუმროს ადმინისტრაციას აჩვენებს საკუთარ QR კოდს, რომელსაც აპლიკაცია ანიჭებს. ამის შემდეგ ამ QR კოდს ჩვენ გადავამოწმებთ და ვნახავთ, რა მიზეზით არის მოქალაქე გამწვანებული. იმ შემთხვევაში, თუ სტუმარი PCR ან სწრაფი ტესტის საფუძველზეა შემოსული სასტუმროში, სწრაფი ტესტის პირობებში ყოველდღე უნდა იკეთოს ტესტი, ხოლო PCR-ის შემთხვევაში ყოველ მესამე დღეს. ვალდებულები ვართ გადავამოწმოთ, რომ სტუმარი იკეთებს ამ ტესტებს”,-აცხადებს კოკაია.

რესტორნების ქსელის მმართველი კომპანიის „მაჭახელა ჯგუფის“ ხელმძღვანელის, ვანო სტურუას განცხადებით, “მწვანე პასპორტის” ამოქმედების პირველ დღეებში გარკვეული პრობლემები იქნება, თუმცა მისი რესტორნები მზად არიან ახალი რეგულაციის პირობებში იმუშაონ.

“დარწმუნებული ვარ, ამოქმედებიდან რამდენიმე დღის განმავლობაში, სანამ ყველაფერი დალაგდება, პრობლემები იქნება. რომ გითხარათ 100%-ით მზად ვართ, ასე ნამდვილად არ არის, რადგან ყოველთვის ისე ხდება, რომ რამდენიმე დღე სჭირდება სანამ ყველაფერი დალაგდება. აუცილებელი არ არის ყველას აპლიკაცია ჰქონდეს. ზოგს შესაძლოა ამობეჭდილი სახით ჰქონდეს ეს “მწვანე პასპორტი”,-აცხადებს სტურუა. რესტორნების ქსელის დირექტორი ასევე გვეუბნება, რომ ახალი სისტემის ამოქმედება მომხმარებელს შეუმცირებთ, განსაკუთრებით კი რეგიონებში.

მეგრული სახლის დამფუძნებელი ეკა ჯალაღონიაც ფიქრობს, რომ ახალი რეგულაციის ამოქმედება მომხმარებლის რიცხოვნობაზე იქონიებს გავლენას. მისი თქმით, გუშინ გარკვეული ექსპერიმენტიც ჩაატარეს და რესტორნებში მისულ ადამიანებს ინფორმაცია მიაწოდეს, რომ 1-ლი დეკემბრიდან “მწვანე პასპორტები” ამოქმედდება.

“ვიღაცას ჰქონდა ეს ბარათი, ვიღაც კატეგორიული წინააღმდეგი იყო ამ სისტემის ამოქმედების. სიმართლე გითხრათ, არ ვიცი როგორ იქნება. ჯერ ვერ გეტყვით. აპლიკაცია გადავამოწმეთ, ხარვეზებს იძლევა, თუმცა პრობლემა კიდევ სხვა რამეშია. ძალიან ბევრი ადამიანია ისეთი, რომლებმაც არ იციან არც გადმოწერა, არც მისი გამოყენება. ვფიქრობ, შემცირდება მომხმარებელი. მიზეზი ამასთან ერთად ისიც იქნება, რომ ხალხს შინაგანი პროტესტი აქვთ. გუშინ ერთ-ერთ ქალბატონთან, ვისთანაც მივედით და ეს ვუთხარით, მიუხედავად იმისა, რომ მას გადმოწერილი ჰქონდა აპლიკაცია და გამწვანებული იყო, შინაგანი პროტესტი გაუჩნდა, რომ ვამოწმებდით. ჩემს უფლებებს არღვევთო, ვუთხარით, რომ ასეთი მოთხოვნა არსებობდა. შემდეგ დაინტერესდა ჩვენ თუ ვიყავით გამწვანებული. მოგვიწია გვეჩვენებინა ჩვენი მონაცემებიც”,-აცხადებს ჯალაღონია.

“მეგრული სახლის” დირექტორი ფიქრობს, რომ “მწვანე პასპორტების” სისტემა საზოგადოებრივი ტრანსპორტით, სასურსათო მაღაზიებითა და აფთიაქებით უნდა დაწყებულიყო და არა რესტორნებით.

“ყველაფერი რესტორნით იწყება. შთაბეჭდილება მრჩება, რომ თითქოს მიზანი არის რომ ეს სფერო საერთოდ ამოძირკვონ. მიზანმიმართულად იწყებენ რესტორნებით. ყველა რეგულაცია, რაც ამ ორი წლის განმავლობაში დაიწყო, პირველად ყოველთვის რესტორნებს ეხებოდა. ახლაც მაღაზიაში შეხვალ და პურს იყიდი, ტრასნპორტში ახვალ და იქ “მწვანე ბარათი” არ გჭირდებაო გეუბნებიან, რესტორანში გჭირდება”,-ამბობს ეკა ჯალაღონია.

მთავრობის გადაწყვეტილებით ე.წ მწვანე სტატუსი ენიჭება პირს, თუ ის სრულად ვაქცინირებულია, ჩატარებული აქვს 72-საათიანი ვალიდურობის PCR-ტესტი ან/და 24-საათიანი ვალიდურობის ანტიგენ-ტესტი, ასევე გადატანილი აქვს კორონავირუსი. საქართველოს მთავარობამ ევროკავშირის ქვეყნებისგან განსხვავებით 6 თვიანი შეზღუდვა მოხსნა და პირებს, რომლებმაც ვირუსი გადაიტანეს უვადოდ მიანიჭა “მწვანე სტატუსი”. „მწვანე პასპორტის“ მოთხოვნა იმოქმედებს 18 წლის ასაკის ზემოთ პირებისთვის.

1-ლი დეკემბრიდან მოქალაქეები ამ სისტემით შემდეგ დაწესებულებებში დაიშვებიან: კვების ობიექტები, რესტორნები, კაფეები და ბარები, კინოთეატრები, თეატრები, ოპერა, მუზეუმები, საკონცერტო დარბაზები, გასართობი ცენტრები, სამორინეები და სათამაშო ბიზნესის ობიექტები, სპა-ცენტრები, ფიტნეს-დარბაზები, სასტუმროები და ასევე სამთო კურორტების - საბაგირო გზები.