მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"თამბაქოს კანონმა 2 ცუდი შედეგი გამოიღო" - თემურ ჭყონია მთავრობას აკრიტიკებს

5f5363c761c73
ინგა მურუსიძე
05.09.20 14:30
3264
ბიზნესმენი თემურ ჭყონია პარლამენტს „თამბაქოს კონტროლის შესახებ კანონში ცვლილებების“ გამო აკრიტიკებს. გადაცემა "საქმიანი დილის" რუბრიკა #BMGDRIVE-ში სტუმრობისას მან თქვა, რომ კანონმა ორი ნეგატიური შედეგი გამოიღო - გაჩნდა კონტრაბანდა და სახელმწიფო ბიუჯეტმა დაკარგა მილიონები.

„ყველა არჩეულ ადამიანს ჰგონია, რომ ის არის რჩეული და თავის თავს უფლებას აძლევს, ისეთი კანონი მიიღოს, რომელიც ყველამ უნდა შევასრულოთ. იმ დარბაზში (პარლამენტში) მსხდომებს ჰგონიათ, რომ რჩეულები არიან და თავის თავს უფლებას აძლევენ, რომ მიიღონ კანონი და მისი შესრულება დაგვავალდებულონ. კარგია თუ ცუდი, არ აინტერესებთ, მთავარია, დაგვავალდებულონ. მაგალითად, მიიღეს „თამბაქოს კონტროლის შესახებ კანონში ცვლილებები“. მიიღეს და დაიწყეს ისეთი კონტროლი, თითქოს ჩვენს ქვეყანაში ყველაფერი სხვა კარგად არის და მხოლოდ მოწევის პრობლემა დაგვრჩა“, - განაცხადა ჭყონიამ.

ბიზნესმენმა მაგალითად საკუთარი თავი მოიყვანა და თქვა, რომ არც აგიტაციას და არც არაფერს მასზე გავლენა არ მოუხდენია და სიგარეტს მხოლოდ იმიტომ არ ეწევა, რომ არ უნდა.

„ვფიქრობ, ვინც ეწეოდა, ის მაინც ეწევა. შეიძლება, ვიღაც ეწეოდა ორ კოლოფს და ახლა ეწევა ერთს, იმიტომ რომ მეორის საყიდელი ფული არ აქვს, მაგრამ მოწევისთვის თავი არ დაუნებებია. მოხდა ის, რომ ახალი მწეველები მაინც ჩნდებიან. ანუ ინდუსტრია მაინც ვითარდება და გაჩნდა კონტრაბანდა. ერთ კოლოფს რომ ყიდულობ და იქიდან გადასახადი შედის ბიუჯეტში, მეორე კოლოფს კონტრაბანდულს ყიდულობ და მაინც ორს ეწევი, ერთს - გადასახადით, მეორეს - გადასახადის გარეშე. ათეულობით მილიონ შემოსავალს კარგავს სახელმწიფო კატეგორიულად არასწორი გადწყვეტილების გამოს. ახლა ხომ შეუძლიათ, რომ ანალიზი გააკეთონ და შეცვალონ ეს გადაწყვეტილება. არა, არ იზამენ, იმიტომ რომ ამბობენ, იმ 400-500 მლნ-ს საიდანღაც მაინც შევავსებთო“, - ამბობს ჭყონია.

რაც შეეხება მთავრობის არგუმენტს, რომ გრძელვადიან პერსპექტივაში ამ კანონს ექნება ის შედეგი, რომ მწეველთა რიცხვი შემცირდება, ჭყონია იუმორით უყურებს და ამბობს, რომ ეს შეიძლება იყოს შედეგი, რომელიც 40 წლის შემდეგ დადგება.

„თუკი ეს მთავრობა ამ კანონს მიღწევად მიიჩნევს, ეს ნიშნავს იმას, რომ თავიანთი თავები რჩეულები ჰგონიათ და არა - არჩეულები... მე მაგალითად, ბიზნესში გაზრდილი, ათქვეფილი ადამიანი, რომელიც ვამბობ, რომ ეს ეკონომიკისთვის არის ცუდი, არაფერს ნიშნავს და იქ რომ სხედან მსახიობები, იურისტები, ვითომ პოლიტიკოსები - ისინი არიან პროფესიონალები. ამ კანონმა ყველაფერს დაარტყა, ეს იყო დანგრევა", - აღნიშნა ბიზნესმენმა.