მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ტაოფუდი" - 1 მლნ-მდე ინვესტიციით სიღნაღში თევზის ბიოსაკვების საწარმო ამოქმედდა

60cef350d2623
ინგა მურუსიძე
23.06.21 09:45
1691
სიღნაღის მუნიციპალიტეტის ქალაქ წნორში, „შეღავათიანი აგროკრედიტის“ ბენეფიციარმა მანანა მეტრეველმა კომბინირებული საკვების თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი საწარმო რამდენიმე წლის წინ ააშენა. საწარმოში თვეში 80-მდე ტონა კომბინირებული საკვების წარმოებაა შესაძლებელი; პროდუქციის რეალიზაცია ადგილობრივ ბაზარზე ბრენდ „ტაოფუდის“ სახელით ხდება. საწარმოში, ჯამში, 900,000 ლარამდე ინვესტიცია განხორციელდა, აქედან, შეღავათიანი აგროკრედიტი შეადგენს 600,000 ლარს, 300,000 ლარი კი ბენეფიციარის ინვესტიციაა. საწარმოში 25 ადამიანია დასაქმებული.

bm.ge საწარმოს პიარ-მენეჯერ ინგა ნაფეტვარიძეს ესაუბრა. მისი თქმით, ამ დროისთვის "ტაოფუდი" აწარმოებს საკვებს კატებისთვის, ძაღლებისთვის და ძროხებისთვის, თუმცა წარმოების ძირითადი ხაზი მაინც თევზის საკვებია.

"თევზის წარმოების ხაზის შექმნა ძალიან რთული იყო, რადგან ქარხნის აშენებისას პანდემია დაიწყო, რამაც ლოგისტიკა გაგვირთულა, თუმცა მაინც შევძელით და მეორე თვეა, თევზის საკვებს ვაწარმოებთ. მთელი წელია, ვთანამშრომლობთ ლაბორატორიებთან, ვამოწმებთ ჩვენ მიერ წარმოებულ თევზს და აღმოჩნდა, რომ კარგ პროდუქტს ვდებთ. თევზი საკმაოდ სწრაფად იზრდება და ეს გამოწვეულია იმით, რომ ვაწარმოებთ სრულიად ბიო, სუფთა საკვები დანამატებისგან წარმოებულ პროდუქტს", - განაცხადა ინგა ნაფეტვარიძემ და დასძიან, რომ მათ გამოჩენამდე ბაზარზე, ძირითადად, თევზის იმპორტირებული საკვები იყიდებოდა. 

მისი თქმით, "ტაოფუდის" მიერ წარმოებული თევზის საკვები ჯერ მხოლოდ საქართველოში იყიდება, ფასი საკვების ხარისხისა და თევზის სახეობის მიხედვით განსხვავდება, თუმცა 1 კგ-ის მაქსიმალური ფასი 4.50 ლარია.

რაც შეეხება საექსპორტო გეგმებს,"ტაოფუდში" აცხადებენ, რომ ვინაიდან ევროპულ ბაზარზე გასასვლელად პროდუქტს განსხვავებული ხარისხი სჭირდება, რის დახვეწაზეც კომპანია ევროპელი ტექნოლოგების დახმარებით მუდმივად მუშაობს.

"ჩვენ ძალიან გვინდა, რომ თევზის წარმოება იყოს  წარმოების მთავარი ხაზი და გვინდა, აკვაკულტურის წინ წამოწევას შევუწყოთ ხელი. ამჟამად საწარმოში 15 ადამიანი გვყავს დასაქმებული. თანამშრომლები კვირაში ხუთი დღე, 24 საათი, ცვლების მიხედვით მუშაობენ. რაც თევზის საკვების წარმოება დავიწყეთ, არ გავჩერებულვართ", - განაცხადა ინგა ნაფეტვარიძემ.