მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"თავდაცვის სამინისტროს დაფინანსება დეფიციტურია” - უწყების ბიუჯეტი 60 მილიონით იზრდება

619cc5316dea8
შოთა ტყეშელაშვილი
23.11.21 14:57
4692
2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში კორექტირება შედის. მთავარ ფინანსურ დოკუმენტში დაგეგმილი ცვლილებები პარლამენტს უკვე გაეგზავნა და მასში ნათქვამია, რომ მთავრობის ხარჯები, ჯამში, 300 მილიონი ლარით იზრდება, მათ შორის 60-მილიონიანი მატებაა თავდაცვის მიმართულებით.

საგულისხმოა ფაქტი, რომ როგორც ბიუჯეტის განმარტებით ბარათში ნათქვამია, თავდაცვის უწყებისთვის ასიგნებების დამატება “უწყებაში წარმოქმნილი დეფიციტის დასაფინანსებლად” არის აუცილებელი, თუმცა საზოგადოებისთვის უცნობია რა დეფიციტზეა საუბარი. დოკუმენტის თანახმად, დამატებული 60 მილიონიდან 30 მილიონი ლოგისტიკური უზრუნველყოფის მიმართულებით დაიხარჯება, დანარჩენი თანხები კი თავდაცვის ინფრასტრუქტურაზე, ჯანდაცვასა და სხვა მიმართულებებზე ნაწილდება.

“საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ასიგნებები 2021 წლის დამტკიცებულ გეგმასთან შედარებით იზრდება 60 მლნ ლარით და განისაზღვრება 990 მლნ ლარის ოდენობით. ზრდა გათვალისწინებულია თავდაცვის უწყებაში წარმოქმნილი დეფიციტის დასაფინანსებლად. აღსანიშნავია, რომ სამინისტროს და კომიტეტის მხრიდან 100 მლნ ლარამდე თანხის დამატების მოთხოვნა დაყენებული იყო ივლისში განხორციელებული საბიუჯეტო ცვლილებების დროსაც, თუმცა იმ პერიოდში არსებული ფისკალური რესურსის გათვალისწინებით დაემატა მხოლოდ 30 მლნ ლარი", - ნათქვამია დოკუმენტში.

2022 წლის ბიუჯეტით, თავდაცვის სამინისტროსთვის 962.4 მილიონი ლარი არის გათვალისწინებული, რაც 2021 წლის 990 მილიონთან შედარებით 27.6 მილიონით ნაკლებია. შემცირების ძირითადი მიზეზი მომდევნო წელს საერთაშორისო სამშვიდობო მისიების ბიუჯეტის კლებაა, რაც წელს 33 მლნ ლარით ფინანსდებოდა, მომდევნო წელს კი ამ მხრივ მხოლოდ 2 მილიონი ლარია გათვალისწინებული. შემცირების მიზეზი 2021 წლის ზაფხულში ავღანეთის სამშვიდობო მისიის დასრულებაა.

2022 წლის ბიუჯეტით, თავდაცვის სამინისტროს პერსონალის ხელფასები 477 მილიონ ლარზეა დაგეგმილი, რაც წლევანდელთან შედარებით 47 მილიონით მეტია.

უფრო ვრცლად, 2022 წლის ბიუჯეტის პროექტზე შეგიძლიათ წაიკითხოთ ბმულზე.