მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"თავდაპირველად წარმოების ტემპი შევანელეთ" - როგორ გადაეწყო Native Racha ახალ დღის წესრიგზე

5fabc0960d77f
ვიქტორია მღებრიშვილი
11.11.20 15:23
1043
ხორცპროდუქტების მწარმოებელი კომპანია „Native Georgia”-ს რაჭული ღორისგან ნაწარმოები პროდუქტები „Native Racha” ბაზარზე ბაზარზე 1 წელია რაც გამოჩნდა. როგორც კომპანიის დამფუძნებელი ვასილ ბაბლუანი BM.GE-ისთან საუბრისას აღნიშნავს, წარმოებული პროდუქტის 90%, თავდაპირველად, ჰორეკა სექტორში რეალიზაციისთვის იყო გათვლილი, თუმცა ქვეყანაში ახალი კორონავირუსის გავრცელებამ და ტურისტული ინდუსტრიის სრულიად გაჩერებამ, კომპანიას გაყიდვების სტრატეგია შეაცვლევინა.

„ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობის გამო, თავდაპირველად გვქონდა გარკვეული პაუზა და წარმოების ტემპის შენელება, სანამ ახალ ბაზარს შევქმნიდით, რადგან პანდემიის დაწყებამდე ჰორეკა სექტორზე ჩვენი გაყიდვების 90% მოდიოდა, მისი ჩაკეტვის შემდეგ კი გაყიდვების 80% სუპერმარკეტებზე გადავაწყვეთ. დღეისთვის ჰორეკას ჩვენს რეალიზაციაში 40%-იანი წილი უკავია“, - განაცხადა ვასილ ბაბლუანმა.

Native Georgia-ს დამფუძნებელი ამბობს, რომ არსებული მდგომარეობის გამო, კომპანია რეალიზაციასთან დაკავშირებით დასახულ გეგმას ვერ შეასრულებს, თუმცა ეს საწარმოს მოქმედებასა და წარმოების ტემპზე არ აისახება. „გეგმის შესრულება 100%-ით ვერ ხდება, თუმცა გამომდიანრე იქიდან, რომ ჩვენს პროდუქციას ძალიან დიდი მოწონება აქვს ბაზარზე, მიუხედავად პანდემიისა ამ პროექტის პერსპექტივასა და მომავალში ყოველდღიურად ვრწმუნდებით და პოზიტიურად მივდივართ“, - განაცხადა ბაბლუანმა.

Native Georgia, დაახლოებით, 9 დასახელების პროდუქტს აწარმოებს, რომელიც "კარფურის", "აგროჰაბის", "ზღაპარის" და "ფრესკოს" ქსელებში, ასევე, ლუდის და ღვინის მაღაზიებსა და რესტორნებში იყიდება.

კომპანიის დამფუძნებელი მიიჩნევს, რომ მათი წარმოების პროდუქტები ბაზარზე არსებული სხვა რაჭული წარმოშობის ხორცპროდუქტებისგან განსხვავებულია, შესაბამისად, ისინი ადგილობრივ სხვა წარმოებებთან კონკურენციაში არ შედიან.

„საწარმოს წარმადობა თვეში 10 ტონააა, აქედან, დაახლოებით, 2 ტონაა რაჭული ლორის წარმოება, რომელიც მომხმარებელში დიდი პოპულარობით სარგებლობს. ჩვენ ადგილობრივი მწარმოებლების კონკურენტები არ ვართ, რადგან ისინი ძირითადად ლორს თერმულად ამუშავებენ, ხოლო ჩვენი ტექნოლოგიიიდან გამომდინარე, თერმულად არ ვამუშავებთ. ამასთან, უნდა აღვნიშნო, რომ ჩვენ მიერ რაჭული ლორის პოპულარიზაციის დაწყებასთან ერთად ადგილობრივი მწარმოებლისთვის რაჭული ლორის ფასი გაიზარდა, რამაც მწარმოებლებს სარგებელი მოუტანა“, - უთხრა BM.GE-ის კოპმანიის დამფუძნებელმა.

აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წლის მარტიდან კომპანიამ ხამონისა და პალეტას წარმოებაც დაიწყო, რომელიც მზად ჩადებიდან 1 წლის შემდეგ იქნება, თუმცა ვასილ ბაბლუანი აღნიშნავს, რომ ეს პროდუქტები მხოლოდ შეკვეთის საფუძლზე დამზადდება და მასიური ხასიათი არ ექნება. პირველ ჯერზე კომპანია კერძო შეკვეთით 200 ცალ ხამონს დაამზადებს.

ცნობისთვის: Native Georgian-მა საწარმოს მართვა, რომელიც ამბროლაურის რაიონში მდებარეობს, 2018 წლიდან გადაიბარა. დღეისთვის უშულოდ საწარმოში 12 ადამიანია დასაქმებული, ხოლო საწარმოს წარმადობა თვეში 10 ტონა ხორცს შეადგენს.