მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"თავისთვის არავინ არაფერს გვთხოვს“ - გიორგი ონიანი EU-ს 12-პუნქტიან რეკომენდაციებზე

62c7307739802
ალა ისპირიანი
07.07.22 23:00
627

„არავინ არაფერს არ გვთხოვს თავისთვის“, - ამის შესახებ „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ ანალიტიკოსმა გიორგი ონიანმა EU-ს 12-პუნქტიან რეკომენდაციებზე საუბრისას გადაცემა „ანალიტიკაში“ განაცხადა.

მისი თქმით, ის რეფორმები, რასაც ევროკავშირი ითხოვს, ქვეყნის განვითარებისთვისაა საჭირო.

„ევროკავშირი ამდენ ხალხს იმიტომაც უნდა, რომ ისინი ევროკავშირს მოთხოვნებსა და მათ ჯიბეს შორის პირდაპირ კავშირს ხედავენ. ეს არის თითოეული ქართველის პრაგმატული გადაწყვეტილება. თავი რომ დავანებოთ იმ რუსულ თუ ადგილობრივ პროპაგანდას, ეს ხალხს ძალიან კარგად ესმის. თავისთვის არავინ არაფერს არ გვთხოვს. ყველაფერი, რაც კი ევროკავშირს ჩვენგან მოუთხოვია და ხელისუფლებისთვის პირობა წამოუყენებია ისაა, რომ უკეთესი ინსტიტუტები იყოს, გვქონდეს სამართლიანი სასამართლო, ფულს არ იპარავდნენ ჩინოვნიკები, საჯარო ფინანსები გამჭვირვალედ და ხალხისთვის იხარჯებოდეს, ხალხს უკეთესი სოციალური პირობები და უკეთესი პენსია ჰქონდეს", - განაცხადა გიორგი ონიანმა.

მან ასევე ხელისუფლების პასუხისმგებლობაზე ისაუბრა და თქვა, რომ მათი მოთხოვნა, ღარიბაშვილის მთავრობის წასვლასთან დაკავშირებით ახლაც ძალაშია.

"კონკრეტულმა ადამიანების ჯგუფმა უნდა აგოს სიმბოლური პასუხი მაინც იმაზე, რომ კანდიდატობის ფანჯარა ხელიდან გავუშვით. ჩვენ ეს ხელიდან ამ მთავრობის კონკრეტული ქმედებების და უმოქმედობის გამო გავუშვით. მთავრობა უნდა წავიდეს და ამ 12 პუნქტის შესასრულებლად პროფესიონალების მთავრობა გჭირდება. ეროვნული თანხმობის მთავრობა, რომელზეც ჩვენ ვამბობდით სწორედ ეს არის", - აღნიშნა ონიანმა.

ინფორმაციისთვის, 17 ივნისს ევროკომისიამ უკრაინისა და მოლდოვისათვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების რეკომენდაცია გასცა. საქართველომ ევროკომისიისგან მხოლოდ კანდიდატობის პერსპექტივა მიიღო. კანდიდატის სტატუსის მისაღებად საქართველოს გარკვეული პირობების შესრულება მოუწევს, რისთვისაც 6 თვე მიეცა. “ქართულმა ოცნებამ” EU-ს 12-პუნქტიანი რეკომენდაციის შესრულების გეგმა რამდენიმე დღის წინ წარადგინა, თუმცა ანალიტიკოსებისა და ოპოზიციის ნაწილი ფიქრობს, რომ "ოცნების" გეგმა დროში გაწელილია. 

პარალელურად, სამოქმედო გეგმა არასამთავრობო ორგანიზაციებმაც შეიმუშავეს, რომელიც შეიძლება ადვილად განხორციელდეს 2022 წლის ბოლომდე და კრიტიკულად მნიშვნელოვანი რეფორმების აბსოლუტურ მინიმუმს შეიცავს, რაც აუცილებელია კანდიდატის სტატუსის მინიჭებისთვის.

რა პირობები უნდა დააკმაყოფილოს საქართველომ EU-ს კანდიდატის სტატუსის მისაღებად?