29.სექტემბერი .2019 15:00

"თავისუფალი ვაჭრობის მიუხედავად საქართველო ბაზრებს ახალ პროდუქტებს ვერ სთავაზობს"

views 411
უკან

„ყველაზე სწრაფად ექსპორტი აგვისტოში ევროკავშირის მიმართულებით გაიზარდა, განსაკუთრებით ბულგარეთსა და რუმენეთში. დსთ-ის მიმართულებით, 10%-იანი ზრდა ფიქსირდება, ხოლო კლება ძირითადად თურქეთში და აშშ-ის მიმართულებითაა“, - ამის შესახებ, “Galt&Taggart”-ის კვლევების დეპარტამენტის უფროსმა, ევა ბოჭორიშვილმა გადაცემა „საქმიან დილაში“ ისაუბრა და აღნიშნა, რომ ქვეყანაში ექსპორტი რეექსპორტის ხარჯზე იზრდება.

„თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების არეალების გაფართოვების მიუხედავად, იქნება ეს ევროკავშირთან თუ ჩინეთთან, ახალ პროდუქტებს საქართველო ბაზრებს მაინც ვერ სთავაზობს და ერთადერთი, რაც დავინახეთ, არის ის, რომ ბოლო წლებში ახალი რეექსპორტის პროდუქტები აღმოცენდა. ესენია: სპილენძი, მედიკამენტები, სიგარეტი. ანუ ძირითადად ამ მიმართულებით არის ექსპორტის ზრდა, რაც სამწუხაროა და მოლოდინი გვაქვს, რომ საქართველოში წარმოებული პროდუქციის ექსპორტი გაიზრდება“ - აღნიშნა ევა ბოჭორიშვილმა.

რაც შეხება იმპორტს, Galt&Taggart-ის მონაცემების თანახმად, კლება გვაქვს დაახლოებით 4% აგვისტოში და 4% ჯამურად რვა თვეში, რაც განპირობებულია უმეტესად ნავთობპროდუქტების იმპორტის 20%-იანი ვარდნით.

„იმპორტის კლება ასევე განაპირობა მანქანების იმპორტის შემცირებამ, რომელიც მეორე უმსხვილესი კატეგორიაა და მიუხედავად იმისა, რომ რეექსპორტში ყოველთვე ზრდა გვაქვს, იმპორტის მხარეს თანხობრივად არის შემცირება. ამასაც ვუკავშირებთ საბანკო სექტორში ავტოსესხების რაოდენობის კლებას და შეგვიძლია ვთქვათ, რომ ლარის გაუფასურებისა თუ სხვა მიზეზების გამო მოთხოვნა ავტომობილებზე ქვეყანაში შემცირებულია. გარდა ამისა, იმპორტის შემცირების ერთ-ერთი განმაპირობებელი ფაქტორი არის ასევე ტელეფონების იმპორტი, რომელიც წლის დასაწყისიდან მნიშვნელოვნად მცირდებოდა და ასევე, აგვისტოში იმპორტის ზრდის შეფერხებაზე ყველაზე მეტი გავლენა მოახდინა სიგარეტებმა და ხორბალმა,“ -განაცხადა Galt&Taggart”-ის კვლევების დეპარტამენტის უფროსმა ევა ბოჭორიშვილმა.

მისი თქმით, საბოლოოდ, ქვეყნის სავაჭრო დეფიციტი წელს დაახლოებით 14%-ით შემცირებული, რაც მნიშვნელოვანი გაუმჯობესებაა ქვეყნისთვის.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა