მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"თავს ნუ ვინუგეშებთ, არავინ ვიცით, გაზაფხულზე რა იქნება" - ეკონომისტი ლარის გამყარებაზე

5e552784241ce
ინგა მურუსიძე
25.02.20 18:04
1293

"ლარის კურსი თავის დიაპაზონში მოძრაობს - ან მყარდება ან უფასურდება; ამ წუთას გამყარების ტრენდი აქვს და არ მინდა მოვლენებს დავასწრო, მაგრამ არ ვარ დარწმუნებული, რომ ეს ტრენდი შენარჩუნდება", - ამის შესახებ bm.ge-ის ეკონომისტმა აკაკი ცომაიამ ბოლო დღეების განმავლობაში ლარის კურსის გამყარების ტენდენციის შეფასებისას განუცხადა.

Bloomberg-ის სავაჭრო სისტემაში ამჟამად ერთი აშშ დოლარი 2.7978 ლარად ივაჭრება, რაც ბოლო შვიდი თვის განმავლობაში ეროვნული ვალუტის ყველაზე მყარ გაცვლით კურსს წარმოადგენს. ამასთან, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად, ლარი კიდევ გამყარდა და ხვალისთვის 1 დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7946 ლარი იქნება.

„სინამდვილეში, ყოველთვის არის მცდარი წარმოდგენა, რომ თუ გრანდიოზული ინვესტიცია შემოდის, ლარი უნდა გამყარდეს, მაგრამ უამრავი ფაქტორია, რაც იწვევს კურსის მერყეობას, მათ შორისაა მონეტარული პოლიტიკა, რომლის გამკაცრების შემდეგ ნათელი გახდა, რომ ლარის კურსმა დაიწყო გამყარება. ასევე, უნდა გავითვალისწინოთ ისიც, რომ იანვარსა და თებერვალში იმპორტის მოცულობა არც თუ ისე დიდია. ეს ცხადია, რომ ლარის კურსზეც ახდენს გავლენას. ტენდენცია, რომელიც უკავშირდება ექსპორტის ზრდას და იმპორტის შედარებით კლებას, სავარაუდოდ, ახდენს პოზიტიურ გავლენას ლარის კურსზე. ეს არის ის, რაც ამ წუთას ხდება, მაგრამ ნუ ვინუგეშებთ და ნუ დავიმშვიდებთ თავს. არავინ იცის, მარტში, აპრილსა და მაისში რა მოხდება. უნდა გავითვალისწინოთ ეს გარემოებები. გარდა ამისა, სავაჭრო ურთიერთობები ჩინეთთან ალბათ შემცირდება, რაც ცხადია, გავლენას მოახდენს იმპორტის ნაკადებზე“, - განაცხადა ცომაიამ.

მისივე თქმით, სამწუხაროა, მაგრამ საქართველოში რაიმე ღირსშესანიშნავი ეკონომიკური ძვრები არ მიმდინარეობს, მაგალითად, არ იქმნება სამუშაო ადგილები და ა.შ.

„ძირეულ ცვლილებებს ადგილი არ აქვს, შესაბამისად, ლარის კურსი თავის დიაპაზონში მოძრაობს, მყარდება ან უფასურდება. ამ წუთას აქვს გამყარების ტრენდი და არ მინდა მოვლენებს დავასწრო, მაგრამ არ ვარ დარწმუნებული, რომ ეს ტრენდი შენარჩუნდება. ეროვნულმა ბანკმა ახლა უნდა მიხედოს ფასების დონეს. ჩემი აზრით, სებ-ი ოპტიმისტურად არის განწყობილი და ფიქრობს, რომ ინფლაცია თანდათანობით ჩამოდის დაბლა, თუმცა რა მოხდება გაზაფხულზე, არავინ იცის. ამიტომ ვფიქრობ, ეროვნულ ბანკს ამ პერიოდისთვის მოუწევს, მონეტარული პოლიტიკა კიდევ უფრო მეტად გაამკაცროს", - განაცხადა ცომაიამ.