მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"თავს უკრაინელად მივიჩნევ, სანქციები უსამართლოდ დამიწესეს" - მიხაილ ფრიდმანის ვაჟი

635696fe58956
გიორგი თოლორდავა
24.10.22 18:22
725
სანქცირებული რუსი მილიარდერი მეწარმის, მიხაილ ფრიდმანის ვაჟი, ალექსანდრ ოჟელსკი სოციალურ ქსელში ვიდეო-მიმართვას ავრცელებს, სადაც ის აღნიშნავს, რომ საკუთარ თავს უკრაინელად მიიჩნევს, უშუალოდ მის წინააღმდეგ დაწესებულ პერსონალურ სანქციებს კი - უსამართლოდ.

22 წლის მეწარმის განცხადებით, ომის პროტესტის ნიშნად, მან რუსეთის ფედერაცია 24 თებერვალს დატოვა და ის ამჟამად დუბაიში, Airbnb-ის ნაქირავებ ბინაში ცხოვრობს, ნაცვლად სასახლისა.

ოჟელსკის თქმით, ის უკრაინის მხარდასაჭერად არაერთ საჯარო კამპანიაში იყო ჩართული, თუმცა უკრაინელმა ბიუროკრატებმა მისი შეხედულებები და საქმიანობა მაინც არ გაითვალისწინეს და მის წინააღმდეგ სანქციები მხოლოდ იმის გამო დააწესეს, რომ ის მიხაილ ფრიდმანის შვილი იყო.

"ვერ ვიჯერებ, რომ ჩემი სანქცირების ერთადერთი მიზეზი ერთ ადამიანთან (ფრიდმანთან) არსებული კავშირი აღმოჩნდა. ვთვლი, რომ ეს გადაწყვეტილება უნდა შეიცვალოს, მე ამ სანქციებს არ ვიმსახურებ - არაფერი დამიშავებია და ყველაფერს ვიზამ ამ გადაწყვეტილების შესაცვლელად.

საკუთარ თავს უკრაინელად მივიჩნევ, მე იქ ნათესავები მყავს და ხშირადაც ჩავდიოდი სტუმრად. როგორც ვიცი, ახლა იქ ჩასვლის უფლება აღარ მაქვს, რაც უსამართლობაა", - ამბობს ალექსანდრ ოჟელსკი.

ოჟელსკი ფრიდმანის ერთადერთი ვაჟია, რომელიც ამჟამად რუსეთის ფედერაციის ყველაზე მდიდარი შთამომავლების სიაში შედის. ის უკრაინის მიერ სანქცირებულ პირთა სიაში, 256 სხვა ინდივიდთან ერთად, 20 ოქტომბერს შევიდა - ოფიციალურ მიზეზად მიხაილ ფრიდმანთან არსებული ნათესავური კავშირი დასახელდა.