23.ნოემბერი .2019 15:00

"თავთავი" - მოგზაურობა ბავშვობაში

views 334
უკან

"თავთავი" ერთი გემრიელი, ბავშვობის სურნელით გაჟღენთილი სივრცეა, სადაც დედების, ბებიების, დიდი ბებიების რეცეპტებმა მოიყარა თავი და მომხმარებლამდე თავბრუსდამხვევი სურნელითა და გემოვნური თვისებებით მიდის.
ხელნაწერი რეცეპტების გაცოცხლება ნანა ლეჟავამ და სალომე კლდიაშვილმა ითავეს და მინიმალური კაპიტალით, ერთი წლის წინ დიდ რისკზე წავიდნენ.

"ჯერ იყო იდეა, შემდეგ სესხი. საკონდიტრო ინდუსტრიაში პირველი ნაბიჯები დიდი სურვილებითა და მინიმალური კაპიტალით გადავდგით, ეს იყო დაახლოებით 10 ათასი ლარი. იყო შიშიც, წინააღმდეგობებიც, მაგრამ უკან დახევა არასოდეს გვიფიქრია, ამიტომაც შედეგმაც არ დააყოვნა და ბიზნესი შედგა", - ამბობს ნანა ლეჟავა.

"თავთავი" გახსნიდან ხუთ თვეში მოგებაზე გავიდა. შეიძლება ითქვას, ქართულ ბაზარზე ადგილიც დაიმკვიდრა. ამჟამად საკონდიტროში ოთხი ადამიანია დასაქმებული და მომხმარებლებს წინაპრების რეცეპტებით დამზადებულ საკონდიტრო ნაწარმს სთავაზობენ.

"თავთავზე" შეყვარებული ორი დამფუძნებელი ქალი დღეს წარმატების იმ ეტაპზე არიან, რომ საკონდიტრო გამოცდილებით "თიბისი ბანკის" "ბიზნესდაჯილდოების" ნომინანტების სიაშიც აღმოჩნდნენ და "წლის საუკეთესო სტარტაპის" მოსაპოვებლად ღირსეულად იბრძვიან.

"თიბისი ბანკი" ბიზნესის დაწყების დღიდან მხარში გვიდგას და ვთვლით,რომ მსგავსი ტიპის ბიზნესდაჯილდოებები სტარტაპებისათვის ძალიან დიდი სტიმულია, შეიძლება ითქვას სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია", - აცხადებს ნანა ლეჟავა.

მოთხოვნა დიდია, საქმე ბევრი, ამიტომაც საკონდიტრო საწარმო "თავთავი" ყოველდღიურად იზრდება და ბაზრის მოთხოვნების შესაბამისად იხვეწება კიდეც. სამომავლოდ, "თავთავი" მომხმარებლებს ახალი და უფრო მრავალფეროვანი რეცეპტებით მომზადებული პროდუქციითაც გაანებივრებს და არც გაფართოებას გამორიცხავს.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა