04.ივლისი .2020 14:50

"თბილღვინოს" ექსპორტი 6 თვეში 20%–ით გაიზარდა – ღვინის ბიზნესი პანდემიაში

views 525
უკან

პანდემიის მიუხედავად, მიმდინარე წლის 6 თვეში კომპანია "თბილღვინოს" ექსპორტი 20%–ით გაიზარდა – ამის შესახებ BM.GE–ს კომპანიის დამფუძნებელმა გიორგი მარგველაშვილმა განუცხადა.

მისი განმარტებით, ჩინეთის გარდა, "თბილღვინოს" გაყიდვები თითქმის ყველა საექსპორტო ქვეყანაში გაიზარდა.

"მიუხედავად საკმაოდ რთული წლისა და ვითარებისა როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ბაზრებზე, ჩვენ გასული ექვსი თვის მონაცემებით, ჯამურად გაყიდვებში მაინც ზრდა გვაქვს, შესაბამისად, ამ სირთულეების მიუხედავად, არ შეიძლება ვიყოთ უკმაყოფილოები. საექსპორტო ბაზრებზე გასულ წელან შედარებით დაახლოები 20%-იანი ზრდა გვაქვს, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ დაგეგმილი გვქონდა კიდევ უფრო მეტი, თუმცა 20%-ც საკმაოდ კარგი მაჩვენებელია და ეს გამოწვეულია იმისთ, რომ ჩვენ კრიზისის დადგომიდან მოვბილიზდით, გამოვყავით ანტიკრიზისული სარეკლამო ბიუჯეტი, გავააქტიურეთ ურთიერთობა იმ საერთაშორისო პარტნიორებთან, რომლებთანაც პირდაპირ მიწოდებებს ვახორციელებთ, ასევე, სავაჭრო ქსელებთან, რომელთაც რეალიზაცია, მიუხედავად კრიზისისა, არ შეუმცირდათ. პანდემიის პირობებშიც ხალხი დადიოდა საცალო ქსელებში და იმარაგებდა პროდუქციას, შესაბამისად კრიზისი შეეხო ისეთ ობიექტებს, სადაც ხალხი ადგილზე მოიხმარდა ღვინოს, თუმცა დიდ სავაჭრო ქსელებში ეს პრობლემა არ იდგა.

ასევე გავაქტიურდით ონლაინ-გაყიდვების კუთხით, როგორც საქართველოში, ისე საერთაშორისო ბაზრებზე, რომელთა რაოდენობა 30-ზე მეტ ქვეყანას მოიცავს და ამან საბოლოო ჯამში, მოგვცა პოზიტიური შედეგი, თუმცა საქართველოში მნიშვნელოვანი - 60%-იანი ვარდნა გვაქვს, თუმცა იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენს მთლიან რეალიზაციაში ადგილობრივ ბაზარს 5%-ზე მეტი არ უკავია, ჯამური შედეგი მაინც დადებითია", – განმარტა გიორგი მარგველაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ საქსტატის მონაცემებით, მიმდინარე წლის იანვარ–მაისში 73 მლნ 249.8 ათასი აშშ დოლარის მოცულობის ღვინის ექსპორტი განხორციელდა, რაც 2019 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე 11.3%–ით ნაკლებია.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა