მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"თბილისი ენერჯის" 50%-იანი წილის მფლობელი Neqsol ჯგუფის დამფუძნებელი ნასიბ ჰასანოვი გახდა

62d42e2d0f380
BM.GE
17.07.22 19:21
3105
“თბილისი ენერჯიმ”, რომელიც დედაქალაქში ბუნებრივი აირის მიმწოდებელია, 2021 წლის ფინანსური ანგარიში გამოაქვეყნა. დოკუმენტიდან ირკვევა, რომ კომპანიას ამჟამად ორი აქციონერი ჰყავს, EY-ის მიერ აუდიტირებულ ფინანსურ ანგარიშში აღნიშნულია, რომ ამჟამად კომპანიის მფლობელები ბიზნესმენი ხვიჩა მაქაცარია და Neqsol ჯგუფის დამფუძნებელი ნასიბ ჰასანოვი არიან. ამასთან, ბიზნესმენ ნასიბ ჰასანოვის სახელი კომპანიის აუდიტირებულ ფინანსურ ანგარიშში მხოლოდ წელს გაჩნდა და ის წინა წლის ანგარიშში მოხსენიებული არ იყო, იმის მიუხედავად, რომ მის საკუთრებაში არსებულმა Weco Investment and Finance S.A.-მ "თბილისი ენერჯის" მშობელ კომპანიაში 50%-იანი წილი 2019 წელს შეიძინა. 

“2021 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, კომპანიის 100%-ის მფლობელი არის შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება „ვოლთბეი“ („მშობელი კომპანია“), რომელიც დაფუძნებულია მარშალის კუნძულებზე 2016 წლის 30 აგვისტოს. 2019 წელს მშობელ კომპანიაში 50%-იანი წილი შეისყიდა Weco investment and finance S.A.-მ. 2021 წლისა და 2020 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, კომპანიის საბოლოო მფლობელები იყვნენ საქართველოს მოქალაქე – ბატონი ხვიჩა მაქაცარია და აზერბაიჯანის მოქალაქე – ბატონი ნასიბ ჰასანოვი,”- ნათქვამია "თბილისი ენერჯის" 2021 წლის აუდიტირებულ ფინანსურ ანგარიშში.

2021 წლის მდგომარეობით, კომპანიის აქტივები 217 მილიონ ლარს შეადგენდა. ფინანსური ანგარიშის თანახმად, 2021 წელს კომპანიას მის აქციონერებზე მოგების განაწილება არ მოუხდენია.

ფინანსური ანგარიშის მიხედვით, "თბილისი ენერჯიმ" 2021 წელს საკუთარი შემოსავალი 62 მილიონი ლარით, 363.3 მილიონ ლარამდე გაზარდა. ასევე გაიზარდა კომპანიის წმინდა მოგებაც, რაც 2020 წელს არსებული 13.5 მილიონიდან, 64.5 მილიონამდე გაიზარდა. შემოსავლის მატება ბუნებრივ აირზე მოთხოვნის ზრდამ, ასევე სარეალიზაციო ტარიფის მატებამ განაპირობეს. 

2021 წლის თებერვლიდან “თბილისი ენერჯის” კომერციული აბონენტებისთვის გაზის ტარიფი კუბურ მეტრზე 84 თეთრიდან 1.1 ლარამდე გაიზარდა. ამავე წლის 1 ივნისიდან კი საყოფაცხოვრებო აბონენტებისთვის ტარიფი 46.1 თეთრიდან 53.9 თეთრამდე გაიზარდა.

გასული წლის განმავლობაში კომპანიამ სულ 674 მილიონი კუბური მეტრი ბუნებრივი აირი გაყიდა, რაც წინა წელთან შედარებით 9%-ით მეტი იყო.

კომპანია გასულ წელს 498,322 საყოფაცხოვრებო და 19,577 არასაყოფაცხოვრებო აბონენტს ემსახურებოდა.

ფინანსური ანგარიშის თანახმად, “თბილისი ენერჯისთვის” უმთავრეს ხარჯს ბუნებრივი აირის შესყიდვა წარმოადგენს, რაშიც კომპანიამ 2021 წელს 244.3 მილიონი ლარი გადაიხადა. შემდეგ ადგილზეა თანამშრომელთა ხელფასები, რაზეც “თბილისი ენერჯიმ” 24 მილიონი ლარი დახარჯა, კომპანიის ცვეთის და ამორტიზაციის ხარჯი 11 მილიონი, გაზის ტრანსპორტირების საფასური კი 13 მილიონი ლარი იყო.

ფინანსური ანგარიშის თანახმად, კომპანიას გააჩნია სავაჭრო და კრედიტორული დავალიანებები. კერძოდ, 2021 წელს მისი დავალიანება ბუნებრივი აირის შესყიდვაზე 2020 წელს არსებული 69 მილიონი ლარიდან, 90.4 მილიონ ლარამდე გაიზარდა.

“კომპანიის სოციალური სექტორისთვის განკუთვნილ ტარიფებს სემეკი არეგულირებს. 2021 წელს სოციალურ სექტორზე გაყიდვებმა კომპანიის გაყიდვების 66.26% შეადგინა (2020 წ.: 65.02%). იმის გათვალისწინებით, რომ ბუნებრივი გაზის შესყიდვის ფასები აშშ დოლარში განისაზღვრება, ხოლო გასაყიდი ტარიფი ლარში, ლარი/აშშ დოლარის გაცვლითი კურსის მერყეობა სერიოზულ საოპერაციო რისკს უქმნის კომპანიას. კომპანიამ რამდენჯერმე მიმართა სემეკს გასაყიდი ტარიფების გაზრდის მოთხოვნით და 2021 წლის განმავლობაში კომპანიამ შეძლო გასაყიდი ტარიფების გაზრდა,”- ნათქვამია კომპანიის ფინანსურ ანგარიშში.