17.ოქტომბერი .2019 19:08

"თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის" გახსნით პანელში ADB-ის ვიცე-პრეზიდენტი მიიღებს მონაწილეობას

views 249
უკან

22 ოქტომბერს, "თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის" გახსნით პანელში - "მაღალი დონის დიალოგი, ერთად საერთო მომავლისკენ: სტაბილური და მდგრადი ზრდის მოდელები" - მონაწილეობას აზიის განვითარების ბანკის (ADB) ვიცე-პრეზიდენტი შიქსინ ჩენი მიიღებს, რომელიც პანელის ერთ-ერთი მომხსენებელია.

შიქსინ ჩენი ADB-ს გუნდს 2018 წლის 12 დეკემბერს შეუერთდა და პასუხისმგებელია სამხრეთ აზიის, ცენტრალური და დასავლეთ აზიის დეპარტამენტებში განხორციელებულ ოპერაციებზე. ADB-ში საქმიანობის დაწყებამდე, შიქსინ ჩენი  ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ფინანსთა სამინისტროს საერთაშორისო ეკონომიკური და ფინანსური თანამშრომლობის დეპარტამენტს ხელმძღვანელობდა.

1998 წლიდან, იგი იკავებდა ხელმძღვანელ თანამდებობებს ჩინეთის ფინანსთა სამინისტროში, სადაც მისი საქმიანობა მოიცავდა სახელმწიფო ფინანსების სფეროებსა და მრავალმხრივი განვითარების ბანკებთან პარტნიორობას. 2012-2014 წლებში საკრედიტო გარანტიისა და ინვესტიციების ხელშემწყობი საბჭოს დირექტორი იყო, 2013-2016 წლებში - მსოფლიო ბანკის აღმასრულებელი დირექტორი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში, ხოლო 2016-2018 წლებში - ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში ახალი განვითარების ბანკის (New Development Bank) და აზიის ინფრასტრუქტურის ინვესტირების ბანკის (Asian Infrastructure Investment Bank) საბჭოს დირექტორი.

შიქსინ ჩენი ეკონომიკის დოქტორია (ფისკალური მეცნიერების სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი) და საჯარო პოლიტიკის მენეჯმენტის მაგისტრის ხარისხს (ჰარვარდის უნივერსიტეტის ჯონ ფ. კენედის მმართველობის სკოლა, ჰარვარდის უნივერსიტეტი) ფლობს.