მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"თბილისის აეროპორტში ახალი სამიმოსვლო ბილიკის მშენებლობა, დაახლოებით, 3 თვეში დასრულდება“

60fea6b7a44f7
ვიქტორია მღებრიშვილი
27.07.21 09:45
1004
"თბილისის აეროპორტში ახალი სამიმოსვლო ბილიკის მშენებლობა, დაახლოებით, 3 თვეში დასრულდება”, - ამის შესახებ TAV Georgia-ს გენერალურმა მენეჯერმა „საქმიანი დილის“ რუბრიკაში - „საუბრები ავიაციაზე“ განაცხადა.

თეა ზაქარაძის განმარტებით, პროექტი მსხვილი ავიაგადამზიდებისთვის მნიშვნელოვანია.

„TAV Georgia-მ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ახალი სამიმოსვლო ბილიკის მშენებლობა დაიწყო, რომელიც დაახლოებით, 3 თვეში დასრულდება. შედეგად თბილისის საერთაშორისო აეროპორტს ექნება დამატებითი სამიმოსვლო ბილიკი და მოსაბრუნებელი მოედანი. ეს ძალიან დიდი კომფორტია დიდი სატვირთო გადამზიდავებისთვის, რომელიც საკმაოდ დიდი საჰაერო ხომალდებით ოპერირებენ. დამატებითი სამიმოსვლო ბილიკით ასაფრენ-დასაფრენი ზოლის გამტარუნარიანობა გაუმჯობესდება. ეს აეროპორტის გამართული ფუნქციონირებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი“, - განმარტა TAV Georgia-ს გენერალურმა მენეჯერმა.

TAV Georgia-ში აღნიშნავენ, რომ პროექტის განხორციელებისთვის კომპანია 2.5 მლნ დოლარის ინვესტიციას დებს.

„თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ინფრასტრუქტურული პროექტები ყოველწლიურად სრულდება. წელს აეროდრომს ემატება ახალი სამიმოსვლო ბილიკი (Golf), რომლის საშუალებითაც, ასაფრენ-დასაფრენი ზოლის გამტარუნარიანობა გაიზრდება. ჯამში, აეროპორტს ექვსი სამიმოსვლო-სამანევრო ბილიკი ექნება. აღნიშნულ პროექტში "ტავ ჯორჯია" 2.5 მილიონი დოლარის ინვესტიციას განახორციელებს“, - აცხადებენ TAV Georgia-ში.