მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"თბილისის საფონდო ბირჟის ახალი სავაჭრო სისტემით სრულად გაშვებიდან 1 წელში შედეგს დავინახავთ" - ნინო ქურდიანი

623e064a2f0b2
ალა ისპირიანი
25.03.22 23:00
1812
როგორ უნდა განვითარდეს კაპიტალის ბაზარი? - ამისთვის მთავარ ფაქტორად "საქართველოს საფონდო ბირჟის“ და „საქართველოს ფასიანი ქაღალდების ცენტრალური დეპოზიტარის“ ფინანსურ დირექტორს, ნინო ქურდიანს ინვესტორების მოზიდვა მიაჩნია. მისივე თქმით, ინვესტორების ინტერესის გასაღვივებლად კი ბაზარზე რაც შეიძლება მეტი კომპანია უნდა დაილისტოს.

„ხშირად ვამბობთ ხოლმე, რომ ეს ყველაფერი კვერცხისა და ქათმის დილემას ჰგავს, როდესაც ერთი მხრივ, ბაზარზე უფრო მეტი ემიტენტი, მეტი კომპანია უნდა დაილისტოს, რათა ინვესტორებისთვის ინტერესი გაჩნდეს და მეორე მხრივ ინვესტორების სიმრავლე, ლიკვიდურობა წაახალისებს ემიტენტებს დალისტვისაკენ. გამომდინარე იქიდან, რომ ახლა ორივე მხარეს სიმწირეა, პროცესი ნელია. განვითარება თანდათანობით ორივე რგოლის გაძლიერებით მიიღწევა“, - განაცხადა მან.

ამასთან, მიუხედავად იმისა, რომ ამჟამად კაპიტალის ბაზრის მარეგულირებელი საქართველოს ეროვნული ბანკია, ქურდიანი ამბობს, რომ ეს ტვირთი მხოლოდ ერთი უწყების პასუხისმგებლობა არ უნდა იყოს: “ამაში ჩართული უნდა იყვნენ: ბანკები, ემიტენტები, ბროკერები, მსხვილი მოთამაშეები, ფინანსთა სამინისტრო, ეროვნული ბანკი ანუ ბევრი სხვადასხვა რგოლი, რათა ყველას ერთობლივი წარმატებით მივაღწიოთ გარკვეულ წარმატებას“.

ნინო ქურდიანი ასევე ამბობს, უწყებების მხრიდან მზაობა არის და სწორი ნაბიჯებიც იდგმება.

„ამის შესახებ მზაობა ბევრჯერ გამოთქმულა, სურვილი და ნაბიჯებიც იდგმება. შეიძლება ეს ნაბიჯები ძალიან ნელი და არასაკმარისია, მაგრამ სწორი მიმართულებით იდგმება და ვფიქრობ, როდესაც თბილისის საფონდო ბირჟა ახალი სავაჭრო სისტემით სრულად გაეშვება, ერთ წელში მაინც, ჩვენ შედეგს დავინახავთ“, - განაცხადა ქურდიანმა.

რაც შეეხება რუსეთ-უკრაინის ომის გავლენას, როგორც საქართველოს, ასევე გლობალურ ბაზრებზე, მისი განმარტებით, ჯერჯერობით რთულია პროგნოზის გაკეთება.

„საქართველოზე გავლენა ამ ეტაპზე შედარებით დაბალია. მითუმეტეს, რომ ბირჟაზე შედარებით მსხვილი მოთამაშეები არიან წარმოდგენილი, რომელთა სტაბილურობას საფრთხე ნაკლებად შეექმნება და რისკის ფაქტორი გაცილებით დაბალია. გავიდეს დრო და ვნახოთ“, - ამბობს იგი.