მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"თბილისის სატრანსპორტო კომპანია", რომლის ტარიფებიც იცვლება, 150-მილიონიან ზარალზეა

61c317d8d396c
შოთა ტყეშელაშვილი
22.12.21 16:50
4160
დღეს, თბილისის მერიამ 2022 წლიდან მუნიციპალური ტრანსპორტის ტარიფების ცვლილების გეგმა წარადგინა. მისი მიხედვით, ერთჯერადი მგზავრობა, რაც აქამდე 50 თეთრი ღირდა, 1 ლარი ეღირება. დაწესდა რამდენიმე კატეგორიის აბონემენტიც, ერთთვიანი 40 ლარი ეღირება; 3-თვიანი - 100 ლარი; ერთწლიანი კი - 250 ლარი.

სააბონემენტო სისტემაზე გადასვლასა და ტარიფების განახლებაზე თბილისის მერია საკმაო ხნის განმავლობაში მუშაობდა და იმის მიუხედავად, ამას ხმამაღლა აცხადებს თუ არა, ცვლილების მიზანი “თბილისის სატრანსპორტო კომპანიის” ფინანსური მდგომარეობის დასტაბილურებაა. კომპანიამ პანდემიური კრიზისიდან გამომდინარე, 2020 წელს 150 მილიონი ლარით იზარალა. ახალი საგადახდო წესის მიხედვით, “თბილისის სატრანსპორტო კომპანიის” მიერ გამოშვებული ბარათებით გადახდა იმავე წესების მიხედვით, მიკროავტობუსებშიც იქნება შესაძლებელი. შესაბამისად, მერიის დაქვემდებარებაში არსებული კომპანია ნაწილობრივ მიკროავტობუსების კერძო ქსელის საგადახდო ოპერატორიც ხდება.

რამდენი მილიონის შემოსავალი აქვს “თბილისის სატრანსპორტო კომპანიას”?

თბილისის სატრანსპორტო კომპანიის შემოსავალი 2020 წელს პანდემიური ვითარებიდან და გაჩერებული მოძრაობიდან გამომდინარე მკვეთრად შემცირდა. თუკი 2019 წელს კომპანიის შემოსავალი სატრანსპორტო მომსახურებიდან 139.4 მილიონი ლარი იყო, 2020 წელს შემოსავალი 48%-ით შემცირდა და 72.2 მილიონი ლარი შეადგინა. კომპანია პანდემიამდეც ზარალიანი იყო და 2019 წელს მისი ზარალი 71.3 მილიონი ლარი იყო, 2020 წელს კი ზარალი გაორმაგდა და 149.8 მილიონი შეადგინა.

ტრანსპორტის კატეგორიების მიხედვით შემოსავლები ასე ნაწილდება:

● შემოსავალი ავტობუსებიდან - 2020 წელს 37.4 მილიონი ლარი, 2019 წელს 66.8 მლნ ლარი;
● შემოსავალი მეტროდან - 2020 წელს 34.3 მლნ ლარი, 2019 წელს 67.9 მლნ ლარი;
● შემოსავალი საბაგიროდან - 2020 წელს 0.5 მლნ ლარი, 2019 წელს 4.8 მლნ ლარი.
● შემოსავალი სამგზავრო გადაყვანებიდან, ჯამი - 2020 წელს 72.2 მლნ ლარი, 2019 წელს 139.4 მლნ ლარი.

2020 წელს მეტროთი 69,781,025-მა ადამიანმა იმგზავრა, ავტობუსით - 73,716,816-მა, საბაგიროთი კი - 225,708-მა მგზავრმა.

სამგზავრო გადაყვანის სუბსიდია

“თბილისის სატრანსპორტო კომპანიის” შემოსავალში მნიშვნელოვანი წილი მოდის სუბსიდიაზე. არსებული მოდელის მიხედვით, სხვადასხვა კატეგორიის მოქალაქეები შეღავათიანი ტარიფით მგზავრობენ. მაგალითად, სტუდენტური ტარიფი 20 თეთრია, თუმცა სატრანსპორტო კომპანიას თბილისის მერია უნაზღაურებს თანხის დარჩენილ ნაწილს ანუ სტუდენტი იხდის 20 თეთრს, ხოლო მერია განხორციელებულ ოპერაციას 30 თეთრს უმატებს. მოსწავლეებისთვის მგზავრობა უფასოა, მათ შემთხვევაშიც, მგზავრობის საფასურს 50 თეთრის ოდენობით თბილისის მერია იხდის.

2020 წელს კომპანიამ თბილისის მერიიდან სამგზავრო სუბსიდიის სახით 35.6 მილიონი ლარი მიიღო, 2019 წელს კი სუბსიდიები 68.5 მილიონ ლარს შეადგენდა. ეს ნიშნავს იმას, რომ კომპანიის შემოსავლის 40%-45% მერიიდან მიღებული სუბსიდიებია.

“თბილისის სატრანსპორტო კომპანია” ერთ-ერთი მსხვილი დამსაქმებელია, კომპანიაში 6,400 ადამიანი მუშაობს. მათ ხელფასებზე 2020 წელს 118 მილიონი ლარი დაიხარჯა.

2018 წლიდან მოყოლებული კომპანია თბილისის პარკირების სისტემის ოპერატორია და ქალაქის მასშტაბით არსებული 30,000 საპარკინგე ადგილის მონიტორინგზეა პასუხისმგებელი. 2020 წელს კომპანიის შემოსავალი პარკინგიდან 5.6 მილიონი ლარი იყო.

“თბილისის სატრანსპორტო კომპანია” ამჟამად ავტობუსების ქსელის განახლებასა და მეტროს რეაბილიტაციაზე მუშაობს. კომპანიის ინფორმაციით, დამატებით დაგეგმილია 180 ერთეული 8-მეტრიანი ავტობუსის და 18-მეტრიანი ავტობუსების შეძენა. ასევე EBRD-ის სესხით იგეგმება მეტროს 40 ვაგონის ყიდვა, ახალი დეპოს მშენებლობა და გვირაბის რეაბილიტაცია.

კომპანიის აქტივები 531 მილიონ ლარს შეადგენს.