მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"თბილისში Airbnb -ზე გასაქირავებელი ბინების რაოდენობა განახევრებულია“

60d818677d7db
თათია ჩაფიჩაძე
27.06.21 10:15
1357
Galt & Taggart-ის უფროსი ანალიტიკოსის კახა სამყურაშვილის ინფორმაციით, ამ დროისთვის airbnb -ზე გასაქირავებელი ბინების რაოდენობა პანდემიამდე არსებული მაჩვენებლებთან შედარებით 50%-ით არის შემცირებული. გადაცემა „საქმიან დილაში“ საუბრისას სამყურაშვილმა აღნიშნა, რომ airbnb-ზე თვიურად 7-8 ათასი ბინა იდება, საშუალო ფასი კი თბილისში 30 დოლარია.

ამასთანავე, ეკონომიკის მინისტრის ნათია თურნავასგან განსხვავებით, Galt & Taggart-ში წელს ტურიზმის 36%-იან აღდგენას პროგნოზირებენ.

„50%-იანი აღდგენა გამორიცხული არ არის, თუმცა როცა უკვე ნახევარი წელი გასულია და ბევრი არ დაგვრჩა ძირითადი სეზონის პიკამდე, რთულია მოლოდინი გვქონდეს იმის, რომ დიდი ნაკადები შემოვლენ. ჩვენ წელს ველოდებით ტურიზმის სექტორის 35-36%-იან აღდგენას, როგორც სასტუმროების დატვირთულობაში, ისე აეროპორტის მგზავრთნაკადებში და მოკლევადიანი ქირების ბაზარზეც ანალოგიური დინამიკაა მოსალოდნელი.

თუ 2019 წელს, სანამ პანდემია არ ჩანდა ჰორიზონტზე, თბილისში იდებოდა 15-16 ათასი ბინა ყოველთვიურად, წელს ეს არის განახევრებული და 7-8 ათასის ფარგლებშია. ამის მიზეზია ის რომ ზოგადად მოთხოვნაა შემცირებული, მეორე მიზეზია ის, რომ პანდემიამდეც ზედმეტად ბევრი ბინა იდო და მიწოდება მოთხოვნას აღემატებოდა. ყოველთვის ველოდით რომ თუ საკმარისად სწრაფად არ გაიზრდებოდა მოთხოვნა, ამ ბინების რაოდენობა ბაზარზე თანდათან შემცირდებდა, შესაბამისად რაც დღეს ხდება არის აბსოლუტურად ლოგიკური, მოსალოდნელი და პროგნოზირებადი. რომ შევადაროთ პრაღას, ბუდაპეშტს და ბერლინს ჩვენ ამ სამივე ქალაქს აღვემატებოდით airbnb-ზე დალისტული ბინებით რაც უცნაურია, მაგრამ მოცემულობა იყო. ჭარბი მიწოდების გამო კონკურენცია იყო მაღალი და ეს განაპირობებდა იმას, რომ ფასები სხვა აღმოსავლეთ ქვეყნებთან შედარებით საკმაოდ დაბალი იყო, საშუალოდ 30$-ის ფარგლებში. ასეთი დაბალი ფასის გამო პანდემიას ფასებზე აღარ უმოქმედია და იგივე დარჩა.

საქართველო გახდა ძალიან კარგი მეორე ბინის ბაზარი უცხოელებისთვის. ჩამოდიოდნენ ადამიანები დასასვენებლად, მოსწონდათ აქაურობა და შემდეგ ყიდულობდნენ უძრავ ქონებას თბილისში, ბათუმში, ბაკურიანსა და გუდაურში. ეს ნაწილი რაც უძრავ ქონებას დააკლდა, აუცილებლად დაიწყებს აღდგენას მას შემდეგ რაც ტურიზმის სექტორი დაუბრუნდება ძველ ნიშნულებს. პირველი ნიშნები ჩანს, თუმცა ფინიშამდე ჯერ შორს ვართ და ამის მოლოდინი ჩვენ 2022 წლის მეორე ნახევრამდე არ გვაქვს.“ - განაცხადა კახა სამყურაშვილმა.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ ნათია თურნავას განცხადებით, შეზღუდვების მოხსნასთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილებები ტურიზმის დადებით დინამიკას კიდევ უფრო შეუწყობს ხელს. მათი ვარაუდით ტურიზმი 50%-ით აღდგება, თუმცა თუ წესებს დავიცავთ, საქმე უკეთესად წავა და სეზონის პიკში 70%-ით მივუახლოვდებით ტურისტების იმ რაოდენობას, რაც ამ დროს 2019 წელს გვქონდა.