მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"თელავის აეროპორტისთვის გვაქვს საინტერესო გეგმები" - ეკონომიკის მინისტრი

633ed30972601
თამთა ჯიჯავაძე
06.10.22 17:07
514
ეკონომიკის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა პარლამენტში „მინისტრის საათის“ ფორმატში საუბრისას განაცხადა, რომ მთავრობას თელავის აეროპორტ "მიმინოსთან" დაკავშირებით საინტერესო გეგმები აქვს და 2023 წლისთვის სიახლეებს შეიძლება ველოდოთ. როგორც მინისტრმა აღნიშნა, ამ საკითხზე მთავრობას აეროპორტის მფლობელთან კომუნიკაცია აქვს.

„თელავის აეროპორტი არის კერძო, მას ჰყავს კერძო მფლობელი, თუმცა, რა თქმა უნდა, მას გააჩნია საინვესტიციო პირობები და ვალდებულებები. ჩვენ აეროპორტის მფლობელებთან მჭიდრო კომუნიკაცია გვაქვს, რათა აეროპორტში ინფრასტრუქტურა გაუმჯობესდეს და შეძლოს მეტი ფრენის შესრულება. ჩვენ პირველ რიგში მოვიაზრებთ, რომ თელავის აეროპორტი გამოყენებულ იქნეს შიდა ფრენებისთვის.

მათ შორის ვფიქრობთ განვიხილოთ თელავი-ბათუმის მიმართულება, თუმცა, თუ ფინანსური რესურსები მოგვცემს შესაძლებლობას, ჩვენ შეიძლება სხვა მიმართულებებზეც ვიფიქროთ, ეს შეიძლება იყოს თელავი-მესტია, ან მომავალში თუშეთში ფრენები, რასაც სამინისტრო ინტენსიურად სწავლობს, რათა იქ მოეწყოს მცირე აეროდრომი და გამოვიყენოთ ის ფრენებისთვის.

ასე რომ, თელავის აეროპორტისთვის გვაქვს საინტერესო გეგმები და ვფიქრობ, რომ 2023 წელს მნიშვნელოვანი გაუმჯობესებები გვექნება, მათ შორის მგზავრთა უსაფრთხოების შემოწმების, სტანდარტების დანერგვის კუთხით, რასაც აეროპორტების გაერთიანება მფლობელთან ერთად გადის. ვფიქრობთ, რომ ამ კუთხით პროგრესი გვექნება“, - განაცხადა დავითაშვილმა.

ცნობისთვის, რამდენიმე წლის წინ აქტიურად მიმდინარეობდა საუბარი თელავის აეროპორტიდან შიდა ფრენების დაწყებაზე, თუმცა ამ დრომდე „მიმინოს“ მხოლოდ საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტი სასწავლო მიზნებისთვის იყენებს.