მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"Telegram-ის მომხმარებლის კონფიდენციალურობა ხელშეუხებელია" - პაველ დუროვის ისტორია

623814f4240c5
მარიამ ადამია
22.03.22 20:23
4938

“თუ ჩემს პოსტებს თვალყურს ადევნებთ, იცით, რომ დედის მხრიდან ჩემი ოჯახი კიევიდანაა. მისი ქალიშვილობის გვარი უკრაინულია (ივანენკო) და დღემდე ბევრი ნათესავი გვყავს უკრაინაში. ამიტომაც, ეს ტრაგიკული კონფლიქტი ჩემთვის და Telegram-ისთვის პირადულია” - ეს მხოლოდ მცირე ამონარიდია პოპულარული სოციალური პლატფორმის, Telegram-ის დამფუძნებლის, პაველ დუროვის განცხადებიდან, რომელიც მან აპლიკაციის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით, საკუთარ Telegram-გვერდზე გამოაქვეყნა და საზოგადოებას უპასუხა ბოლო პერიოდის ერთ-ერთ ყველაზე აქტუალურ კითხვაზე: არის თუ არა Telegram-ი უკრაინელებისთვის უსაფრთხო?

თუმცა ვიდრე დასმულ შეკითხვას გავცემთ პასუხს, ჯერ პაველ დუროვის კარიერა გავიხსენოთ, რომელიც 9 წლის წინ რუსული სოციალური ქსელის VK-ს აღმასრულებელი დირექტორი იყო და მას რუსეთის უშიშროების სააგენტომ FSB-მ, იმ უკრაინელი მომხმარებლების პირადი მონაცემების გადაცემა მოსთხოვა, რომლებიც პრორუსულ პრეზიდენტს აპროტესტებდნენ. დუროვმა კი, არ უღალატა უკრაინელებს და ამ თხოვნაზე მტკიცე უარით უპასუხა. შედეგად, მის მიერ დაარსებული კომპანიიდანაც გამოუშვეს და ქვეყნის დატოვებაც აიძულეს. აი ასე დასრულდა პაველ დუროვის კარიერა რუსეთში.

ანუ იმ დროს, როდესაც ახალგაზრდა დუროვი თანამედროვე რუსეთის ტექნოლოგიური წარმატების ისტორიას წერდა, კრემლი მას საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, ოპოზიციონერი პოლიტიკოსების გვერდების დახურვასაც სთხოვდა, რადგან ისინი სოციალურ ქსელში აქციებს უწევდნენ კოორდინაციას. მოგვიანებით მეგობრული თხოვნა მუქარაში გადაიზარდა, შემდეგ კი წერილიც მოვიდა პროკურატურიდან, რასაც დუროვმა "ტვიტერზე" ჰასკის ფოტო-სურათით უპასუხა, სადაც ეწერა რომ მას დაკითხვისთვის დრო არ ჰქონდა.

“მე დავკარგე ჩემი კომპანია და სახლი, თუმცა მე ისევ ასე მოვიქცეოდი – უყოყმანოდ. სიამაყით ვივსები, როცა ვკითხულობ ჩემს 2014 წლის პოსტს, სადაც ნაჩვენებია FSB-ს ბრძანებები და ჩემი საფირმო პასუხი – ძაღლი კაპიუშონით,” - ამბობს Telegram-ის დამფუძნებელი, რომელიც სრულად იზიარებს იმ პასუხისმგებლობას, რასაც მომხმარებელთა მონაცემებისა და უსაფრთხოების დაცვა გულისხმობს. აღნიშნული ფაქტის შემდეგ კი, ბევრი რამ შეიცვალა. აღარც დუროვი ცხოვრობს რუსეთში და აღარც მისი თანამშრომლები. მაგრამ ერთი რამ უცვლელი რჩება – რაც არ უნდა მოხდეს, დუროვი გუნდთან ერთად მხარს უჭერს საკუთარ მომხმარებლებს, განურჩევლად ეროვნებისა და ამიტომაც მათი კონფიდენციალურობის უფლება ახლა უფრო მეტად მნიშვნელოვანია, ვიდრე ოდესმე ყოფილა.

თუმცა მომხმარებელთა მონაცემების გაცემაზე თხოვნები ამით არ დასრულებულა და დაახლოებით მსგავსი ფაქტი, 2018 წელსაც დაფიქსირდა, როდესაც რუსეთის მთავრობამ, Telegram-ს მომხმარებელთა შესახებ ინფორმაციის მიღება მოისურვა. ცხადია, ამჯერადაც ხელცარიელი დარჩა და სოციალური ქსელის წარმომადგენელი წინ აღუდგა რუსეთის მთავრობას, რომელმაც კომპანიას თავის მხრივ სასამართლოში უჩივლა და აპლიკაცია ქვეყანაში ორი წლით აკრძალა. ამ ისტორიაში ყველაზე საინტერესო კი ის არის, რომ რუსეთმა საქმე 2020 წელს საკუთარი ინიციატივით გააუქმა სასამართლოში.

ასე რომ, Telegram-ი დღეს ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო სოციალური ქსელია, რომელსაც სათავეში, პასუხისმგებელი, გამორჩეული მეწარმე უდგას, მას წლების განმავლობაში “რუს ცუკერბერგსაც” ეძახდნენ, თუმცა დღეს, თანამედროვე სამყაროში სახელი და გვარი - პაველ დუროვი, მარკ ცუკერბერგზე მეტი ნდობითა და სუფთა რეპუტაციით სარგებლობს, რაც მისივე გამდიდრების მთავარი წინაპირობაც გახდა. სწორედ ამ უსაფრთხოებამ და სანდოობამ განაპირობა ისიც, რომ რუსეთ-უკრაინის კონფლიქტის გაშუქებისა თუ ინფორმაციის გავრცელების კუთხით, Telegram-ი, განსაკუთრებული ყურადღების ცენტრში მოექცა.
რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის პირველივე დღეებში, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმერ ზელენსკიმ, თანამემამულეებს, ამ ინფორმაციის შესახებ Telegram-ით აცნობა და მოუწოდა წინააღმდეგობა გაეწიათ რუსეთის თავდასხმისთვის.

რაც შეეხება Telegram-ის უსაფრთხოებას, მას აქვს რამდენიმე ფუნქცია, როგორიცაა "საიდუმლო მიმოწერები", რომელიც ანადგურებს შეტყობინებებს საუბრის დასრულების შემდეგ ყველა ჩართულ მოწყობილობაზე. ასევე შეტყობინებების სინქრონიზაცია, აუდიო ზარი, ვიდეო ზარი, ფაილის გადაცემა და ბოტები. ეს ყველაფერი ხელს უწყობს ინფორმაციის კონფიდენციალურობას, თუმცა პრობლემაა დეზინფორმაციის გავრცელება, რადგან რთულია გაარჩიო ვინ არის რეალური მომხმარებელი და ვინ ბოტი. ამ კუთხით Telegram-ზე უკვე დაფიქსირდა რამდენიმე ყალბი მომხმარებელი, რომლებმაც გააძლიერეს რუსეთის მთავრობის პოლიტიკის პროპაგანდა. თუმცა დეზინფორმაცია არ არის მხოლოდ Telegram-ის პრობლემა.

ასეა თუ ისე, პაველ დუროვი კონფიდენციალურობის მოყვარულთათვის და პუტინის მოწინააღმდეგეებისთვის ნამდვილი გმირია და მილიარდერთა ის იშვიათი გამონაკლისია, რომლის დანაკარგიც ომის დაწყების მომენტიდან დღემდე, შედარებით მცირეა - მისი ქონება $17.2 მლრდ-დან, $15.1 მლრდ აშშ დოლარამდე შემცირდა.

Telegram-ი კი 2021 წელს ყველაზე ხშირად ჩამოტვირთვადი აპლიკაცია იყო, და ერთ სივრცეში 70 მილიონ ადამიანს აერთიანებდა, ომის მიმდინარეობისას და ასევე რუსეთის მიმართ დაწესებული სანქციების ფონზე, ეს მაჩვენებელი, სავარაუდოდ კიდევ გაიზარდა, რომლის სტატისტიკასაც 37 წლის დუროვი, დუბაიდან აკვირდება და პარალელურად მხარს უჭერს უკრაინელებს, ისე, როგორც სჩვევია და როგორც წლების განმავლობაში შენარჩუნებულ ღირსებასა და რეპუტაციას შეეფერება.