მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"თელმიკოს" ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურიც შეამოწმებს – პრემიერის გადაწყვეტილება

620a07eaf0c92
ვიქტორია მღებრიშვილი
14.02.22 11:39
1037
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ფინანსთა მინისტრს „თელმიკოს“ საქმიანობის შემოწმება დაავალა. ამის შესახებ ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს მთავრობის სხდომის დაწყებამდე ისაუბრა და თქვა, რომ იმ შემთხვევაში, თუ რაიმე დარღვევას ექნება ადგილი მთავრობა მკაცრ რეაგირებას მოახდენს.

მთავრობის მეთაურის განმარტებით, აღნიშნული გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც ბოლო პერიოდში გაზრდილია მოქალაქეების წუხილი არასწორად დარიცხული კომუნალური გადასახადის შესახებ. პრემიერის თქმით, საკითხი ყურადღების გარეშე არ დარჩება.

„ბოლო პერიოდი ვაკვირდები საინფორმაციო კამპანიას, ზოგადად ვუსმენთ მოსახლეობის ჩივილებს განწყობებს... საკითხი შეეხება კომუნალური გადასახადების დაანგარიშებას. ბოლო რამდენიმე კვირაა ჩვენი თანამოქალაქეები იღებენ არასაკმარისად არგუმენტირებულ პასუხებს, რაც დამატებითი სპეკულაციის საშუალება გახდა.

ვიცი, რომ ამ საკითხზე ენერგეტიკის მარეგულირებელმა კომისიამ დაიწყო შესწავლა და გააკეთა განმარტება, რომ სემეკის სამუშაო ჯგუფი ადგილზე სწავლობს „თელასისა“ და „თელმიკოს“ მრიცხველების აღრიცხვის სისტემებს, მაგრამ სრული სურათის დასადგენად მივიღე გადაწყვეტილება და მინდა დავავალო ლაშა ხუციშვილს, რომ „თელმიკოს“ მიერ მოსახლეობისთვის დარიცხული თანხების სისწორის და კანონიერების შესწავლის პირობებში ჩაერთოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური და გონიერ ვადებში წარმოადგინოს ამ შემოწმების შედეგები.

უნდა ვნახოთ, რეალურად რაიმე უსამართლობას ან ტექნიკურ ან მექანიკურ დარღვევას ჰქონდა ადგილი? აუცილებელია ჩვენს მოსახლეობას გავცეთ პასუხი, რომელიც არგუმენტირებული იქნება. თუ არავითარი დარღვევა არ აღმოჩნდება, ეს მისასალმებელი იქნება, მაგრამ თუ რაიმე გადაცდომას აქვს ადგილი, ჩვენი მხრიდან ძალიან მკაცრი რეაგირება იქნება. ამ საკითხზე, ბატონო ლაშა, გთხოვთ მოვახდინოთ რეაგირება“, - მიმართა პრემიერმა ფინანსთა მინისტრს.

ცნობისთვის: სემეკის სპეციალური ჯგუფი შპს „თელმიკოს“ ბილინგისა და სს „თელასის“ მრიცხველების აღრიცხვის სისტემებს ადგილზე შეისწავლის. აღნიშნული გადაწყვეტილება მარეგულირებელმა 3 თებერვალს საჯარო სხდომაზე მიიღო. კომპანიების შემოწმების გადაწყვეტილება მოქალაქეთა საჩივრებით არის განპირობებული, რომლებიც დეკემბერსა და იანვარში მოხმარებული ელექტროენერგიის დარიცხვებს შეეხება. სემეკის საჯარო სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, „თელმიკოსა“ და „თელასის“ შემოწმების დასრულების ბოლო ვადად 3 მარტი განისაზღვრა.