14.დეკემბერი .2019 17:55

"ტენდერები ძალიან მოკლე პერიოდში ტარდება, ხანდახან პირობების თარგმნასაც კი დიდი დრო უნდა"

views 581
უკან

პოლონეთის სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტმა მარტინ რუტოვიჩმა საქართველოში მიმდინარე და მომავალი პროექტები შეაფასა და განსაკუთრებული ყურადღება ინფრასტრუქტურულ პროექტებზე გაამახვილა. მისი თქმით, გზატკეცილების, პორტის და ზოგადად სატრანსპორტო დანიშნულების განვითარება გადამწყვეტია საქართველოსთვის მისი გეოგრაფიული მდებარეობიდან გამომდინარე.

"2019 გადამწყვეტი წელი იყო ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის. გამოვყოფდი სხვადასხვა გზატკეცილებს და ასევე პორტის განვითარებას ბათუმში, ფოთსა და ანაკლიაში, რასაც მივესალმებით. გვჯერა, რომ ეს ტრენდი 2020 წელსაც გაგრძელდება. პოლონეთის სავაჭრო-სამრეწველო პალატაც აქტიურად ეცდება სამშენებლო კომპანიებთან სხვადასხვა პროექტებზე მუშაობას", - განაცხადა მან.

მარტინ რუტოვიჩის თქმით, სახელმწიფო სექტორში ყოველთვის არსებობს გარკვეული აუთვისებელი პოტენციალი და ამ კუთხით კარგი იქნება სამთავრობო აპარატის გააქტიურება.

პოლონეთის სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტი სახელმწიფო ტენდერების საკითხსაც შეეხო. მისი განცხადებით, გამოცხადებული ვადები არაა საკმარისი იმისთვის, რომ კომპანიები სათანადოდ მოემზადონ და სასურველი იქნება ვადების გახანგრძლივება.

"ვისურვებდი ნაკლებ ბიუროკრატიას, სახელმწიფოს მეტ მხარდაჭერას კერძო სექტორის მიმართ. გარდა ამისა, ტენდერები ძალიან მოკლე პერიოდში ტარდება. მითითებული დრო ხანმოკლეა და ინვესტორები ვერ ასწრებენ მასზე რეაგირებას, მხოლოდ პირობების თარგმნას მიაქვს დიდი დრო. ვიმედოვნებ, 2020 წელს ეს საკითხი გამოსწორდება", - აღნიშნა რუტოვიჩმა.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა