მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ტექნოლოგიური კომპანიების სპეკულაციური ბუშტი უკვე გასკდა" - რეი დალიო

6273ab8bc317d
გიორგი თოლორდავა
05.05.22 14:56
3399
მსოფლიოს უმსხვილესი ჰეჯ-ფონდის Bridgewater Associates-ის დამფუძნებლისა და ხელმძღვანელ რეი დალიოს შეფასებით, საფონდო ბირჟაზე ტექნოლოგიური კომპანიების სპეკულაციური ბუშტი უკვე გასკდა, რაც იმას ნიშნავს, რომ კომპანიების აქციების ფასები რეალურ ღირებულებას უბრუნდება.

მილიარდერი ინვესტორის განცხადებით, ბირჟაზე აღმასვლის ძლიერი ტენდენცია 2020 წელს დაიწყო, რაც კოვიდ-რეგულაციებით, საპროცენტო განაკვეთების შემცირებითა და ინვესტირების მიმართ მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილის დაინტერესებით იყო გამოწვეული. მოკლე დროში საერთო ინდექსები და კომპანიების აქციები მკვეთრად გაიზარდა - S&P 500-ის, Nasdaq-ისა და Dow Jones-ის ღირებულებამ რეკორდულ ნიშნულებს მიაღწია.

აღმასვლის ძლიერი ტემპი, თავის მხრივ, ბირჟაზე სპეკულაციური ბუშტის გაჩენის შესაძლებლობას ქმნის, რადგან ფასების კორექციისთვის სულ უფრო ნაკლები შესაძლებლობა რჩება, ბირჟის მუდმივი აღმასვლა კი შეუძლებელია.

ტრადიციულად, სპეკულაციური შეფასების ყველაზე ძლიერი ტენდენცია ტექნოლოგიური კომპანიების მიმართ ფიქსირდება, რადგან ინვესტორებსა და ტრეიდერებს აქვთ მოლოდინი, რომ კომპანია ახალი და ინოვაციური პროდუქტისა თუ სერვისის შექმნას შეძლებს. აღნიშნულ მოლოდინს ამყარებს ის მაგალითიც, რომ მსოფლიოს 10 ყველაზე ძვირად ღირებული კომპანიიდან 8 ტექნოლოგიურ სექტორშია წარმოდგენილი, მათ შორისაა: Apple, Microsoft, Alphabet (Google), Amazon, Tesla, Meta (Facebook), NVIDIA, TSMC.

„ერთი წლის განმავლობაში ტექნოლოგიური კომპანიების ღირებულება, დაახლოებით, მესამედით შემცირდა, რაც იძლევა იმის თქმის საშუალებას, რომ მათი აქციები უკვე აღარაა სპეკულაციური ბუშტის ზონაში, თუმცა ჩვენ ვთვლით, რომ ზოგადი ბირჟა ისევ ზედმეტადაა შეფასებული", - განაცხადა რეი დალიომ.

გასულ 6 თვეში Tesla-ს საბაზრო ღირებულება, დაახლოებით, 22%-ით შემცირდა; 35%-ით დაეცა Meta-ს აქციების ფასი; Amazon-ის აქციები 29%-ითაა შემცირებული; 18%-ით შემცირდა Alphabet-ის საბაზრო კაპიტალიზაცია; NVIDIA-ს აქციების ფასი კი 32%-ითაა შემცირებული.

ამერიკელი ინვესტორის შეფასებით, გადახურებული ფაზის დასრულება აუცილებლად არ გულისხმობს იმას, რომ ახლა საუკეთესო დროა აღნიშნულ სექტორში წარმოდგენილი კომპანიების აქციების შესაძენად, თუმცა ბუშტის ჩაფუშვა იმაზე მიუთითებს, რომ რისკის დონე იკლებს, კორექციის დასრულების შემდეგ კი თავისმხრივ ზრდის პოტენციალი იმატებს.

რეი დალიო ასევე აღნიშნავს, რომ ისტორიულ მონაცემებზე დაყრდნობით უფრო დიდი შანსია იმისა, რომ მოკლევადიან პერსპექტივაში ტექნოლოგიური კომპანიების აქციები რეალურ ღირებულებაზე უფრო მეტადაც კი შემცირდეს, რაც თავის მხრივ, საუკეთესო პერიოდია აქციების შესაძენად.

საინვესტიციო შესაძლებლობა:

გასულ წელს საქართველოს ბანკმა Galt&Taggart-თან თანამშრომლობით შექმნა ინვესტირების სპეციალური პლატფორმა, რომელიც მობილბანკითაა ხელმისაწვდომი და მომხმარებელს ამერიკულ საფონდო ბირჟებზე ათასობით კომპანიის აქციითა და ფასიანი ქაღალდით ვაჭრობის შესაძლებლობას აძლევს, ინვესტირების დაწყება კი 1 დოლარითაც არის შესაძლებელი.