07.სექტემბერი .2020 22:39

"ტერა ბილდინგი" მერიას სასამართლოში უჩივის - დავის დეტალები

views 404
უკან

კომპანია ტერა ბილდინგი, რომელმაც 2017 წელს ჟვანიას ქუჩაზე თბილისის მერიის საკუთრებაში არსებული ტერიტორია მასზედ მშენებლობის მიზნით შეიძინა, დღემდე მის გამოყენებას ვერ ახერხებს. მიუხედავად იმისა, რომ ქუჩის გენერალური რეგულირების გეგმის მიხედვით, აღნიშნულ ტერიტორიაზე დაშვებული იყო მშენებლობა, მერიაში კომპანიას უთხრეს, რომ აღნიშნულ მიწის ნაკვეთზე მშენებლობა არ შეიძლება.

ტერა ბილდინგის საქმემ უკვე გადაინაცლა სასამართლოში, კომპანიამ მერიის წინააღმდეგ სარჩელით საქალაქო სასამართლოს გასულ წელს მიმართა, თუმცა პროცესი უკვე ერთ წელზე მეტია არ ჩანიშნულა. როგორც ტერა ბილდინგის დამფუძნებელმა გვითხრა, 2017 წლის შემდეგ, რაც მათ მერიისგან მიწის ნაკვეთი შეიძინეს, სამშენებლო ნებართვის მიღება გაურკევეველი მიზეზით ფერხდებოდა, სამი წლის შემდეგ კი მერიამ უთხრა, რომ ახალი გენგეგმით აღნიშნულ ტერიტორიაზე დაუშვებელი იყო მშენებლობა, რადგან გეოლოგიური დასკვნით ჟვანიას ქუჩის აღნიშნული ტერიტორია სტიქიურ და ისტორიულ-ლანდშაპტურ ზონად ითვლება, თუმცა ლელა მაზანაშვილი, რომელიც ტერა ბილდინგის დამფუძნებელია, ერთ მნიშვნელოვან ფაქტზე ამახვილებს ყურადღებას. ის ამბობს, რომ მას ხელთ აქვს სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნა, რომ მის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე არანაირი კვლევა არ ჩატარებულა. მას შემდეგ კი, რაც ტერა ბილდინგს ჟვანიას ქუჩაზე მშენებლობის უფლება შეეზღუდა, მერიამ მიმდებარე ტერიტორიაზე სხვა კომპანიებს სამშენებლო ნებართვა მაინც მისცა.

„მერიას შევთავაზე ადრეც და ახლაც ვთავაზობ, ან მომიცვალეთ ადგილი, სხვა მიწის ნაკვეთი მომეცით... რატომ გამაჩერეთ, ხომ არ შეიძლება ასე ხელდასმით გააჩეროთ კომპანია?! ან თანხა მომეცით და მე ვიყიდი სხვა მიწის ნაკვეთს. თუ ასეთი საშიშია მშენებლობა აქ, მაშინ ზუსტად ჩემი ნაკვეთის თავზე მშენებლობა მიდის. თუ საშიშია აკრძალეთ იქაც. არ მაქვს არანაირი პასუხი. ერთადერთი მაია ბითაძე იყო, რომელმაც შარშან თქვა, რომ ეს ადამიანი, რასაც ითხოვს ორჯერ ორი ოთხიაო. ძალიან კარგია, რომ ეს იციან, მაგრამ ორჯერ ორი ოთხის დასამტკიცებლად გამიშვეს სასამართლოში, რომელიც წელიწადნახევარია არ ჩანიშნულა“, - ამბობს ლელა მაზანაშვილი.

თბილისის მერის მოადგილე, მაია ბითაძე კი აცხადებს, რომ არცერთი მესაკუთრე არ დაზარალდება, ტერა ბილდინგის შემთხვევაში კი, რადგან მიწის მესაკუთრემ სასამართლოს მიმართა, მერია ადგილმონაცვლეობის საკითხს სამართლებრივი პროცესის დასრულების შემდეგ განიხილავს. ბითაძე ამბობს, რომ მიზეზი, რის გამოც კომპანიას მის საკუთრებაში არსებულ მიწაზე მშენებლობის უფლება შეეზღუდა, ჟვანიას ქუჩის მაღალრისკიანობაა.

„ერთმნიშვნელოვანია, რომ გენერალური გეგმის მიღების შემდგომ თბილისში გამოიყო არეალები, რომელიც მაღალი საშიშროებით ხასიათდება. ერთ-ერთი ასეთი უბანი არის ჟვანიას ქუჩა და მიმდებარე ტერიტორია, სადაც რამდენიმე მძიმე ფაქტორია, ესაა ქვათაცვენა, მთები, რომელებიც ეროზიის მაღალი ხარისხით ხასიათდება. ჩატარებულმა კველვამ საგანგაშო შედეგი აჩვენა და თუ გაგრძელდება მშენებლობა ამ ტერიტორიაზე, სერიოზული პრობლემის წინაშე დადგება აშენებული შენობებიც. როგორც იცით, გვაქვს მონაცვლეობის რეჟიმი, რომელსაც სამართლებრივი საფუძველი აქვს. არცერთი მესაკუთრე არ დაზარალდება. ამ შემთხვევაში რადგან მესაკუთრემ მიმართა სასამართლოს, ჩვენ ბუნებრივია სასამართლოს უნდა დაველოდოთ“, - აცხადებს მაია ბითაძე.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა