27.მარტი .2020 16:20

"ტესტების გამოყენებას არ უნდა ჰქონდეს უკონტროლო და კომერციული ხასიათი"

views 318
უკან

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, დღეს უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ქვეყანაში შესაბამისი პროცედურების დაცვით დარეგისტრირებულია რამდენიმე ტესტი. ტესტირების სერვისის კერძო ლაბორატორიების მიერ შეთავაზების შესახებ კი მინისტრი ამბობს, რომ მნიშვნელოვანია ამ პროცესს არ ჰქონდეს "უკონტროლო და კომერციული" ხასიათი. 

"ჯანდაცვის სამინისტროს რეგულირების სააგენტოში შემოვიდა რამდენიმე განაცხადი ტესტების რეგისტრაციის თაობაზე. შესაბამისი პროცედურების გავლის შემდეგ სამინისტრომ დაარეგისტრირა რამდენიმე ტესტი აღიარებითი რეჟიმის მიხედვით. ამ ტესტების გამოყენების დაშვება სამინისტრომ გააკეთა. რაც შეეხება კონკრეტული დაწესებულებების აკრედიტაციას ამგვარი მექანიზმი ქვეყანაში უბრალოდ არ არის კონკრეტულად კორონავირუსის ტესტის ლაბორიატორიის აკრედიტებისთვის. ლაბორატორიები მუშაობენ კონკრეტული ნებართვის საფუძველზე. ამ შემთხვევაში რა ტიპის ლაბორატორიასთან გვაქვს საქმე, ამას რეგულირების სააგენტო რა თქმა უნდა შეამოწმებს, ასევე შეამოწმებს ჯანდაცვის სამინისტროც, რადგან არ ჰქონდეს ტესტების გამოყენებას უკონტროლო და კომერციული ხასიათი. რა თქმა უნდა ძალიან მკაცრად განსაზღვრავს იმ პირობებს რა ფასით და რა ჩვენებებით უნდა ხდებოდეს ტესტის გამოყენება. არასწორად გამოყენებულმა ტესტმა შეიძლება გამოიწვიოს პანიკა, დაბნეულობა, მცდარი კლინიკური დასკვნა და მიგვიყვანოს ცუდ კლინიკურ გამოვლინებამდე, რაც რა თქმა უნდა კლინიკურად ძალიან საშიშია მსგავს სიტუაციებში,"- ამბობს თამარ გაბუნია. 

დღესვე ცნობილი გახდა, რომ ჯანდაცვის სამინისტრომ გააუქმა $1.2-მილიონიანი კონტრაქტი ჩინურ კომპანიასთან, რომელსაც ქვეყნისთვის 215,000 სწრაფი ტესტი უნდა მოეწოდებინა. ხელშეკრულების შეწყვეტის მიზეზი აღნიშნული ტესტების უხარისხობა გახდა. 

შეგახსენებთ, რომ ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 81 და გამოჯანმრთელების 13 შემთხვევა არის აღრიცხული. კარანტინის ზონაში კი დაკვირვების ქვეშ 4505 ადამიანი იმყოფება.