მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"დადგება იანვარი და ვნახავთ" - ნათია თურნავას მორიგი განცხადება კომერციული გაზის გაძვირებაზე

5fe0943fab166
ინგა მურუსიძე
21.12.20 16:24
1004
ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრობის კანდიდატმა "თბილისი ენერჯის" მიერ 2021 წლის იანვრიდან კომერციული ბუნებრივი აირის ტარიფის (არ)გაზრდასთან დაკავშირებით გაკეთებული თავისი კომენტარი კიდევ ერთხელ განმარტა. საქმე იმაშია, რომ გასულ კვირას ნათია თურნავამ თქვა, რომ გაზგამანაწილებელი კომპანია შემდეგი წლიდან კომერციულ გაზს აღარ გააძვირებს, თუმცა მისი ეს ინფორმაცია "თბილისი ენერჯიმ" ჯერ საერთოდ არ დაადასტურა, შემდეგ კი თქვა, რომ "აღნიშნულ საკითხზე მუშაობა მიმდინარეობს".

დღეს კი, ამავე თემაზე დასმული კითხვის პასუხად ნათია თურნავამ განაცხადა, რომ "თბილისი ენერჯისთან" კომუნიკაციის შემდეგ, მას შეექმნა შთაბეჭდილება,თითქოს კომერციულ ბუნებრივ აირზე იანვრიდან ტარიფი არ გაიზრდება.

მინისტრობის კანდიდატი ამბობს, რომ მთავრობა კერძო კომპანიას პატივს სცემს და საფასო პოლიტიკის განსაზღვრაში არ ერევა.

"თბილისი ენერჯი" არის კერძო კომპანია; პატივს ვცემთ მას, თავად განსაზღვროს საფასო პოლიტიკა. ის, რაზეც ჩვენ მათთან კომუნიკაცია გვქონდა, ეს მდგომარეობდა იმაში, რომ გავაცანით ჩვენი ხედვა, თუ რა სიტუაციაა პოსტპანდემიურ მდგომარეობაში. მე შემექმნა შთაბეჭდილება და მომეცა იმედი, რომ ისინი ამ გადაწყვეტილებას არ განახორციელებენ, მაგრამ დადგება იანვარი და ვნახავთ, რა შედეგი იქნება", - განაცხადა ნათია თურნავამ.

ცნობისთვის:“თბილისი ენერჯის” ინფორმაციით, 2021 წლის 3 იანვრიდან თბილისის არასაყოფაცხოვრებო აბონენტებისთვის ბუნებრივი აირის ღირებულება ერთ კუბურ მეტრზე 24 თეთრით გაიზრდება და 1.1 ლარი გახდება. ახალი ტარიფი პურის საცხობებს არ შეეხება. კომპანიაში ტარიფის ზრდის მიზეზად ლარის გაცვლითი კურსის გაუფასურებას ასახელებენ, რის გამოც კომპანიას შესასყიდი ბუნებრივი აირის ღირებულება გაეზარდა. 

„თბილისი ენერჯიმ“ შესაძლოა გაზი ვერ(არ) გააძვიროს - ბიზნესს მთავრობა ესაუბრება