მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"თითქმის წელი გავიდა, რაც საწვავის ხარისხზე ჯარიმა გამკაცრდა, მაგრამ არც მონიტორინგია და არც წინსვლა"

6183a65b505f4
შოთა ტყეშელაშვილი
05.11.21 10:00
762
2020 წელს საქართველოს პარლამენტმა დაჩქარებული წესით მიიღო რეგულაციები, რომლებიც ქვეყანაში უხარისხო საწვავის შემოტანაზე სანქციებს ამკაცრებდა. ეროვნულ რეგლამენტთან შეუსაბამო ბენზინის ან დიზელის შემოტანაზე ჯარიმა 8,000 ლარიდან 30,000 ლარამდე გაიზარდა, ხოლო დანაშაულის განმეორებით ჩადენაზე კი 2 წლამდე ვადით გამოსასწორებელი სამუშაო ან 3 წლამდე პატიმრობა შეიძლება მიესაჯოს.

აღნიშნული ცვლილებები ძალაში 2021 წლის პირველი იანვრიდან შევიდა, თუმცა როგორც “საქართველოს ბიზნესასოციაციის” აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე შავლეგ მიშველაძე გადაცემა “საქმიანი დილის” ეთერში განმარტავს ამ მხრივ ქვეყანაში პოზიტიური ტენდენციები მაინც არ შეინიშნება, რადგანაც კანონის აღსრულებაში პრობლემებია.
“დღეს როდესაც საწვავის ხარისხის კონტროლის გამკაცრებიდან, ანუ 2021 წლის პირველი იანვრიდან თითქმის ერთი წელი გავიდა, ჩვენ ფაქტობრივად არ გვაქვს არც მონიტორინგი და არც უკეთესობა ბაზარზე. ეს მოცემულობა გახლავთ. ამ საკითხზე უნდა გაგრძელდეს ინფორმაციის გაცვლა და უნდა ჩავუღრმავდეთ დეტალებში - რატომ ვახორციელებთ ამ ცვლილებებს? და თუ ვახორციელებთ უნდა მოყვეს მას შესაბამისი აღსრულება,”- ამბობს მიშველაძე.

გასულ წელს, კანონის მიღების პროცესს თან სდევდა მისი ინიცატორების მიერ საწვავის ხარისხის მონიტორინგის შედეგების გამოქვეყნებაც, კერძოდ:

- 2019 წლის ივნისში 88 ობიექტიდან აღებული 120 სინჯის შემოწმების შედეგად აღოჩენილ იქნა 33 დარღვევა

- 2019 წლის დეკემბერში 100 ობიექტიდან აღებული 150 სინჯის შემოწმების შედეგად აღმოჩენილ იქნა 31 დარღვევა

- 2020 წლის აპრილში 23 ობიექტიდან აღებული სინჯების შედეგად აღმოჩენილ იქნა 14 დარღვევა დიზელის საწვავისთვის და 18 დარღვევა ბენზინის საწვავისთვის.​

უცნობია როგორ შეიცვალა ამ მხრივ ვითარება 2021 წელს.