20.დეკემბერი .2019 21:29

"თქვენთვის უსვრია ავრორას" – კობერიძე ტიკარაძეს მიმართავს, რომლის გამოსვლა პარლამენტში გადაიდო

views 1358
უკან

დღეს პარლამენტის რიგგარეშე სესიაზე "მინისტრის საათის" ფორმატში დეპუტატების წინაშე ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე უნდა გამოსულიყო, თუმცა მისი მოსმენა რეგლამენტის მიხედვით, ვერ მოესწრო, ამიტომ ჯანდაცვის მინისტრს ამ ფორმატში სავარაუდოდ, საგაზაფხულო სესიაზე მოუსმენენ.

სწორედ ამის გამო, დეპუტატმა ლევან კობერიძემ მინისტრს მომდევნო კვირის განმავლობაში, კომიტეტზე მისვლა და კითხვებზე პასუხის გაცემა შესთავაზა.

"მინისტრმა რადგან ვერ მოასწრო დროსთან მიმართებაში, ცოტა ხუმრობით ვიტყვი – თქვენთვის უსვრია ავრორას, როგორც ბაბუაჩემი იტყოდა. მერვე თვეა, ვერ მოახერხეთ, მაგრამ მე გთავაზობთ, რომ შემდეგ კვირას, თქვენ თვითონ აირჩიეთ ფორმატი, პარლამენტში მობრძანდეთ, არ არის აუცილებელი ეს ოფიციალური კომიტეტის ფორმატი იყოს, მაგრამ კომიტეტის ფარგლებში შევიკრიბოთ და პირველი მინისტრი იყავით, ვინც ყოველგვარი რეგლამენტის გარეშე მოვა უბრალოდ და ვიმსჯელებთ იმ საკითხებთან დაკავშირებით, რაც არის. თქვენ იცით, რომ ძალიან ბევრი გამოწვევაა", – მიმართა კობერიძემ ჯანდაცვის მინისტრს.

ლევან კობერიძის რეპლიკის შემდეგ, პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ განაცხადა, რომ ჯანდაცვის მინისტრს დეპუტატები უახლოესი პირველი შესაძლებლობისთანავე მოუსმენენ.

"სფერო დიდია და მნიშვნელოვანია, რომ საკმარისი დრო იყოს ამისთვის გამოყოფილი", – აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ.

სხდომის შემდეგ, პარლამენტის თავმჯდომარემ საშემოდგომო სესია დახურულად გამოაცხადა.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა