მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ტროლების ქარხანა" და დეზინფორმაცია-საქართველო Freedom House-ის ინტერნეტის თავისუფლების რეიტინგში

5dc17c4fa540f
შოთა ტყეშელაშვილი
05.11.19 17:47
2919
საქართველო ინტერნეტის თავისუფლების მხრივ Freedom House-ის 2019 წლის რეიტინგში ერთ-ერთ მოწინავე ადგილს იკავებს. მას 65 ქვეყანას შორის მე-10 ადგილი უჭირავს და 75 ქულა აქვს მინიჭებული, რისი მიზეზიც ქვეყანაში ცენზურისგან თავისუფალი და ყველასთვის ხელმისაწვდომი ინტერნეტის არსებობაა.

თუმცა, Freedom House-ის ინტერნეტის თავისუფლების ანგარიშში იმ ნაკლოვანებებზეც არის საუბარი, რაც საქართველოს ონლაინ სივრცეს აქვს. ორგანიზაციის შეფასებით, ნაკლოვანებებად შეიძლება ჩაითვალოს სოციალურ ქსელებში “მთავრობასთან დაახლოებული ტროლებისა და ბოტების დიდი რაოდენობა, რომლებიც განსაკუთრებულად 2018 წლის ივნისში მომხდარი საპროტესტო აქციების და 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების პერიოდში აქტიურობდნენ”.

“2018 წლის საპრეზიდენტო კამპანიის განმავლობაში სოციალური ქსელების ანონიმური აქტორები (ბოტები) სიცრუისა და დეზინფორმაციის გავრცელებით იყვნენ დაკავებული", - ნათქვამია ანგარიშში. კიდევ ერთ ნეგატიურ ფაქტად ორგანიზაცია ონლაინ სივრცეში ერთ-ერთი პოლიტიკოსის პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელებას ასახელებს.

ინტერნეტის თავისუფლების და ინტერნეტზე წვდომის უფლების განმტკიცების მიმართულებით გადადგმულ ნაბიჯად ორგანიზაცია საქართველოს ახალი კონსტიტუციის ამოქმედებას ასახელებს, რომლის შედეგადაც ინტერნეტზე წვდომა ადამიანის უფლებად არის აღიარებული.

მობილური ინტერნეტის მაღალ პენეტრაციას და ოპტიკურ-ბოჭკოვანი ინტერნეტის შედარებით ხელმისაწვდომ ფასს ორგანიზაცია დადებით გარემოებად აფასებს. Freedom House-ის მონაცემების მიხედვით, 15-დან 24 წლამდე ახალგაზრდების 94% ყოველდღიურად სარგებლობს ინტერნეტით.

კიბერშეტევების მიმართულებით Freedom House-ი ხაზს უსვამს, რომ საანგარიშო პერიოდში ქვეყანაში ფართომასშტაბიანი კიბერშეტევები არ შეინიშნებოდა. თუმცა იყო რამდენიმე გამონაკლისიც, მათ შორისაა TBC ბანკზე მომხდარი კიბერშეტევა, რომელსაც თავად ამ ბანკის დამფუძნებელი მამუკა ხაზარაძე სამთავრობო ტროლების ფაბრიკას უკავშირებდა.

65 ქვეყნისგან შემდგარ სიაში ბოლო ადგილზე ჩინეთია. Freedom House-ის განმარტებით, ჩინეთის მაცხოვრებლებს ცენზურისგან თავისუფალ ინტერნეტზე წვდომა არ აქვთ, მთავრობა კი, აკონტროლებს ფაქტობრივად ყველაფერს, რაც ჩინურ ინტერნეტში იწერება. ანგარიშის მიხედვით, ყველაზე თავისუფალი ინტერნეტი ისლანდიაშია.